ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა ვარკეთილში გამართეს
ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა ვარკეთილში გამართეს

ოპოზიციის ერთი ნაწილის თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ვარკეთილში მოსახლეობას შეხვდნენ. დღევანდელი შეხვედრით ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ საარჩევნო კამპანია დაიწყეს. მათ ამომრჩეველთან ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მოახლოებულ არჩევნებსა და შემუშავებულ სტრატეგიაზე.

ნიკა მელიას განცხადებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებით გადაწყდება ქვეყნისა და ქალაქის მომავალი, მინიმუმ 10 წლის პერსპექტივით.

„საარჩევნო კამპანია დაიწყო. დაიწყო და დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ეს არ არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, ეს არ არის ჩვეულებრივი საარჩევნო პერიოდი. ეს არის ის არჩევნები, რომელიც კარს მომდგარია, სადაც გადაწყდება ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქალაქის მომავალი, მინიმუმ 10 წლის პერსპექტივით. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვირწმუნოთ, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა არის მნიშვნელოვანი, როგორც არასოდეს. თითოეულმა ადამიანმა უნდა ვირწმუნოთ, რომ ოლიგარქის დამარცხების, რეგრესის დამარცხების, უკუსვლის დამარცხების უებარი გამოსავალი არის აქტიურობაში საქართველოს მოქალაქის მხრიდან. ეს უნდა გამოიხატებოდეს შემდეგში, საარჩევნო უბანთან მისვლაში.

მე მჯერა, რომ ახლაც, ვიდრე ვსაუბრობთ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის ცლილებებისთვის. უბრალოდ, ნაწილი მათგანი არის სასოწარკვეთაში ჩავარდნილი რეჟიმის მიერ და აი, ამ მორევიდან, რასაც უიმედობის მორევი ქვია, ყველანი სწრაფად უნდა ამოვიდეთ და ვიზეიმოთ საქართველოს მომავლის სახელით გამარჯვება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.