ნიკა მელია - თუ გინდათ, სანაძლეო დავდოთ, რომ ახალი არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება
ნიკა მელია - თუ გინდათ, სანაძლეო დავდოთ, რომ ახალი არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება

ჩემს წინააღმდეგ გამოიტანეს გადაწყვეტილება, სადაც ოთხ პუნქტად ჩაწერეს ოთხი ერთმანეთზე უარესი მოთხოვნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ერთი, სამაჯური გაიკეთეო და კი, ბატონო, უსამართლოა. მეორე, მაშინ მოქმედი დეპუტატი ვიყავი და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიტყვის თქმის უფლება ჩამომართვეს, ანუ ლაპარაკის უფლება არ გაქვსო; მითხრეს, პასპორტი და პირადობის მოწმობა მოგვეციო და მივეცი; მითხრეს, გირაოს სახით 30 000 ლარი გადაიხადეო და გადავიხადე. წავედი და დავჯექი სახლში. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და შექმნილი ფონის და ოლიგარქიული წეს-წყობილების მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, დავემორჩილე და სახლში დავჯექი“, – განაცხადა მელიამ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა შეიცვალა პირველ ნოემბერს და რატომ მოიხსნა სამაჯური ზუსტად ამ დღეს მაშინ, როცა მანამდე წესის დაცვით ატარებდა და იყო თუ არა ეს წინასწარი გეგმის ნაწილი, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არავითარი წინასწარი გეგმა არ ყოფილა და ყველაფერს საზღვარი აქვს.

„მაშინ ქუჩაში ვენაბათაღელვა იყო გავრილოვის საქმესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირი ყოველდღე ივსებოდა და ნამდვილად არ მინდოდა, ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხიდან იმაზე გადასულიყო, ჩემს მაჯაზე სამაჯურს დავიდებდი თუ არა, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! დიახ, მე ეს უსამართლობის სამაჯური მოვიხსენი და ვთქვი, რომ ამიერიდან არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, ეს უსამართლობის სამაჯური ვატარო-თქო“, – განაცხადა მელიამ. 

მელიას თქმით, ქვეყანაში კანონი არ არსებობს, უსამართლობას კი ვერ დაემორჩილება.

„ვის უნდა დავმორჩილებულიყავი, კანონი სად არის? მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ბიძინა ივანიშვილს უნდა დავმორჩილებულიყავი?“ – განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ საზოგადოებას ტყუილებს დააჯერებს, მაგრამ პირიქით, საზოგადოება უკვე ღიზიანდება, რადგან 21-ე საუკუნეში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებია და ყველამ იცის, რა არის სიმართლე და რა სიცრუე.

„ქართული ოცნება“ აი, ამიტომაც ვერ ბედავს და ვერც გაბედავს სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას. შეცდომაში რაც უფრო გაჯიუტდება, მით მეტ ფასად დაუჯდება“, – განაცხადა მელიამ.

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება.

„როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ და გესაუბრებით, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნება და ეს წელს იქნება. თუ გინდათ, სანაძლეო დავდოთ, რომ ახალი არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ის რომ პარლამენტში სამი კვირის წინ ალეკო ელისაშვილთან ერთად შესულიყო, რისკენაც „ქართული ოცნება“ მუდმივად მოუწოდებდა, პროკურორი მის დასაჭერად აღარ მივიდოდა, რადგან მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი არავის აღარ აინტერესებს.

„მელიას სახით საფრთხე განეიტრალებული იქნებოდა. იმიტომ, რომ მონურ მორჩილებაში ვიქნებოდი, ან დამოკლეს მახვილივით დაკიდებდნენ და როცა უნდოდათ, დამიჭერდნენ. სამი კვირის წინ ნიკა მელია ალეკო ელისაშვილთან ერთად პარლამენტში რომ შესულიყო, მე დღეს „ქართული ოცნების“ პროკურორი დამაპატიმრებდა? არ დამაპატიმრებდა“, – განაცხადა მელიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორია მისი გეგმები და რის გაკეთებას აპირებს ხვალიდან, მელიამ განაცხადა, რომ ის სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.

„ხვალ ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ვხვდები, პარტიის ოფისში მოდის. ამის შემდეგ მოსკოვის პროსპექტზე ვაპირებ გასვენებაში მისვლას, იქიდან მოსვლას, მერე შეხვედრების გამართვას და ა.შ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.