ნიკა მელია - ბრძოლა მთავარ ეშხში ახლა შედის, დასაწყისი არავის ემახსოვრება, ისტორიას ემახსოვრება ბოლო
ნიკა მელია - ბრძოლა მთავარ ეშხში ახლა შედის, დასაწყისი არავის ემახსოვრება, ისტორიას ემახსოვრება ბოლო

თითოეულ ჩვენგანს ერთი ხმა გვაქვს, ეს ერთი ხმა წაგვართვეს და ნაგვის ურნაში გადააგდეს, მაგრამ ეს ერთი ხმა კვლავ ლაპარაკობს რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებს იქ, სადაც გამოიჭედა საქართველოს დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

„რამდენიც უნდა დაგვშალონ, კვლავ უფრო ბევრი შევიკრიბებით. რამდენჯერაც უნდა ეცადონ მავანთა შეშინებას, უფრო გაძლიერებულები გამოვალთ. რამდენჯერაც უნდა ეცადონ გაყალბებას არ გავყალბდებით. ყალბდება ფურცელზე არჩევნების შედეგები, მაგრამ ხალხი არ ყალბდება და მანამდე აქ იდგება, სანამ არ გავიმარჯვებთ.

რა გვაერთიანებს? – ერთიანები ვართ თავისუფლებაში განსხვავებული ადამიანები და ლიდერები. ერთიანები ვართ ჩვენს არჩევანში, მრავალფეროვნებაში. სხვადასხვანაირები ვართ და არ გვინდა, რომ ერთნაირები ვიყოთ. პატივს ვცემთ მოცემულობას, რომ სხვადასხვანაირები ვართ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ერთი მიზეზით ვიკრიბებით – ეს არის ჩვენი ძალა და არა ის, რასაც სჩადის რეჟიმი, რომელიც ხალხს თავისიანებად და სხვისიანებად ჰყოფს.

რეჟიმი, სპეცსამსახურები ცდილობენ, განხეთქილება შეიტანონ ისტორიულ ურთიერთობაში – ვიღაცას წამოაძახონ და თავი მოაჩვენონ, რომ თითქოს ერთგული გულშემატკივარია, სინამდვილეში, მათი რეჟიმის მსახურია და საუბრობენ იმაზე – ის რატომ დგას, ეს რატომ დგას; იმ პარტიის დროშა რატომ ფრიალებს ან ამ პარტიის.

ხალხო, ჩვენ ვართ ეროვნული ინტრესების დამცველები. ყველას აქვს უფლება იქ იდგეს, სადაც ვდგავართ, ამ ერთობას ვერავინ ვერ მოარღვევს.

ამ რეჟიმის გადარჩენის, თავის დახრის, მუხლის მოდრეკის შანსი არ არსებობს, მთავარია ბრძოლა. ბრძოლა მთავარ ეშხში ახლა შედის, დასაწყისი არავის ემახსოვრება, ისტორიას ემახსოვრება ბოლო – ეს ბრძოლა როგორ დამთავრდება“, – აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, დააჩქაროს პროცესი ცესკო-სა და სასამართლოში მისთვის სასარგებლო პროცესის გასაფორმებლად.

„პარალელურად, დიალოგი გახსნას ხალხთან, ვისაც ჩვენ წარმოვადგენთ მოლაპარაკებებზე და ეცადოს ამ პროცესის ჩაკვლას, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რეჟიმია სახეზე. ჟვანია კი არ აყალბებს მარტო და ცესკო, ჟვანიაც აყალბებდა, სუს-იც, პროკურატურაც და აღმასრულებელი ხელისუფლებას. ეს არის რეჟიმი. ორმა და სამმა ადამიანმა კი არ გააყალბა. სახელმწიფოებრიობას ვიცავთ, სახელმწიფო არ იქნება იქ, სადაც არჩევნები არ ტარდება.

დიალოგში შევლა სწორია, მაგრამ არჩევნებიდან 12 დღეში თითქოს წელში გამართული ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯდება და მის მოთხოვნებს ისმენს.

ოდნავ მაინც დარწმუნებულები რომ იყვნენ არჩევნები არ გააყალბეს, ოპოზიციასთან სალაპარაკოდ არ დასხდებოდნენ. უახლოეს პერიოდში დავრწმუნდებით, რეჟიმი რაზეა წამსვლელი. ამაში დარწმუნდება მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ძვირფასი ელჩები საქართველოში.

ყველამ ვიცოდეთ, თუ ვინმესი რეჟიმს ეშინია და ცახცახებს, ეს არის რუსთაველის გამზირი.

მშვიდობიანი მანიფესტაციები და დიალოგი, ერთი პროცესია. უახლოეს დღეებში დავრწმუნდებით, რომ რეჟიმი არ დამარცხდება საკუთარი ნებით. მინდა, ამაში დარწმუნებული არ ვიყო, მაგრამ მჯერა. ამაში დარწმუნდება ყველა ელჩი და საერთაშორისო პარტნიორი. ამის შემდეგ, ერთ მშვენიერ დილას ეს გამზირი, როცა პატრიოტებით გაივსება, მანამდე არ დაიშლება, სანამ ეს რეჟიმი სახლში არ წავა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.