ნიკა კვეკვესკირი - სანიოლმა იმ ტაქტიკას მიაგნო, რაც ჩვენს ნაკრებს ყველაზე კარგად მიესადაგება #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - სანიოლმა იმ ტაქტიკას მიაგნო, რაც ჩვენს ნაკრებს ყველაზე კარგად მიესადაგება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებული თამაში, ერთა ლიგაზე მშვენიერი სტარტი და მეორე ტურში ბულგარეთთან შთამბეჭდავი გამარჯვება (5:2) სამწვრთნელო სტაფის არჩეული ოპტიმალური სათამაშო სქემის შედეგია – ასეთია „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტნის, ნიკა კვეკვესკირის მოსაზრება, რაზეც მან რაზგრადში მოგების შემდეგ ისაუბრა.

„მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება იყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, ბულგარეთთან რა ისტორიაც გვქონდა, განსაკუთრებით, გასვლით თამაშებში. ეს ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო.

რაც შეეხება ნაკრების ბოლო თამაშებს, ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო სტაფმა გუნდისთვის ოპტიმალურ ტაქტიკას მიაგნეს, რაც ყველაზე კარგად მიესადაგება ჩვენს გუნდს, სათამაშო სტილს და მოთამაშეთა ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

ამას ემატება, რომ მართლა ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, როგორც სასტარტო შემადგენლობაში, ასევე სათადარიგოებში. ამას დამატებული უდიდესი მოტივაცია და სათამაშო დისციპლინა – ამ ყველაფერმა მთლიანობაში მოიტანა ის, რომ ნაკრებს აქვს შედეგი. მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა, საქმე გასაკეთებელია“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.