გურამ კაშია - გასვლაზე გულშემატკივრობა გუნდისთვის ძალიან დიდი დახმარებაა #1TVSPORT
გურამ კაშია - გასვლაზე გულშემატკივრობა გუნდისთვის ძალიან დიდი დახმარებაა #1TVSPORT

ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთთან გასვლითი მატჩის მოგებაზე (5:2) კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

„ეს გამარჯვება გულშემატკივარს განსაკუთრებით გაუხარდებოდა, რადგან წარსულში ბულგარეთთან თამაშები ცუდად მიეწყო და შეიძლება ეს მოგება რაღაცის დასაწყისი იყოს. ერთ კვირაში (ბულგარეთს) კიდევ ვეთამაშებით, იმედია, სტადიონი გაივსება და კიდევ ერთ რევანშს ავიღებთ“, – ამბობს გურამ კაშია.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის თქმით, ტრიბუნებზე ქართველი გულშემატკივრების გამოჩენამ გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა.

„როდესაც გასვლით თამაშზე ქართულ დროშას ვხედავ, სიამაყით ვივსები და ამდენი გულშემატკივარი რომ ვნახე, ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გასვლით თამაშზე ამდენი გულშემატკივარი არასოდეს გვყოლია. დიდი მადლობა მათ და მივესალმები, სადმე კიდევ თუ წამოგვყვებიან, რადგან ეს გუნდისთვის ძალიან დიდი მოტივაცია და დახმარებაა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ც4 ჯგუფში პირველი ორი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, 4:0 თბილისში გიბრალტართან, ხოლო 2:5 რაზგრადში ბულგარეთთან და ასპროცენტიანი მაჩვენებლით, 6 ქულით ჯგუფში გალიდერდა. შემდეგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 9 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს, 12 ივნისს კი თბილისში ბულგარეთს უმასპინძლებს.