ნიკა კვეკვესკირი - გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გიბრალტართან გამარჯვება და ბურთების შეფარდება #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გიბრალტართან გამარჯვება და ბურთების შეფარდება #1TVSPORT

გიბრალტართან შეხვედრამდე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „ვიკტორია სტედიუმზე“ ივარჯიშა – მჭიდრო სათამაშო გრაფიკისა და ჩრდილოეთ მეკედონიასთან რთული მატჩის გამო, საწვრთნელი პროცესი ხანმოკლე იყო და ერთი საათი გაგრძელდა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, უეფა-ს ერთა ლიგის დასკვნითი, მეექვსე ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა. გიბრალტარში, „ვიკტორია სტეიდიუმზე“ გამართულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე, პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის შეკითხვებს გუნდის ვიცე-კაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა უპასუხა და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ამ ნაკრებს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის ბოლომდე გვაქვს გათავისებული. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გიბრალტართან გამარჯვება და ბურთების შეფარდება. სწორედ ეს არის მთავარი მოტივაცია, რათა სასურველი პოზიცია დავიკავოთ ოთხი ჯგუფის გამარჯვებულებს შორის.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო. სანაკრებო დებიუტი სწორედ გიბრალტართან მქონდა და ეს განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემთვის. 4:0 მოვიგეთ, ორი საგოლე გადაცემა შევასრულე და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გვაქვს. სასიამოვნოა, როდესაც იმ გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც რეკორდებს ამყარებს. ამაზე ფეხბურთელებმაც ვისაუბრეთ და ახალი რეკორდი იმის დასტური იქნება, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველა სწორად აკეთებს საკუთარ საქმეს.

ერთა ლიგის პირველმა გათამაშებამ ბევრი დადებითი მომენტი გვაჩუქა, რომელიც, სამწუხაროდ, არ დაგვირგვინდა ეროვნული ზეიმით. ეს ტკივილი გვაქვს დარჩენილი და ძალიან დიდი მოტივაცია და სურვილია ამ გუნდში, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ და ეს ერთა ლიგა წარმატებით დავასრულოთ“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.