ნიკა გვარამია - ნათელი გახდა სააკაშვილის ნერვული მდგომარეობა, რაც ეტყობა მეტყველებაზე, კომუნიკაციაზე, სიარულზე
ნიკა გვარამია - ნათელი გახდა სააკაშვილის ნერვული მდგომარეობა, რაც ეტყობა მეტყველებაზე, კომუნიკაციაზე, სიარულზე

ნათელი გახდა სააკაშვილის ნერვული მდგომარეობა, რაც ეტყობა მეტყველებაზე, კომუნიკაციაზე, სიარულზე, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორში, სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება სააკაშვილის ვრცელი მიმართვა.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ვრცლად ჩამოყალიბებულია მის მიმართვაში, დიდი მიმართვაა, ამიტომ დაველოდოთ, გთხოვთ; გამოქვეყნდება მის ფეისბუქფეიჯზე, როგორც კი ჩავალ და გადავცემ ამ მიმართვას ადმინისტრატორს. რაც შეეხება ძირითად საკითხებს, რომელიც მიმართვაშიც არის, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ და რისი გადმოცემის სურვილი აქვს მას თქვენთვის – პირველი, ძალიან დიდი მადლობა კვლავ გადაუხადა სახალხო დამცველს და მის აპარატს, რომელიც გუშინ იყო შესული; ასევე კონსილიუმის წევრებს და ექიმებს; მოიკითხა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა და ჩემგან მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი და ამითიც ძალიან ბედნიერია. იგი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ ცენტრი „ემპათიას“ მიერ გაკეთებული საექიმო საექსპერტო საბჭოს შესვლას. ჩემი თვალთახედვით, მართალი რომ გითხრათ, მე არ შემიძლია დიაგნოზის დასმა; თუმცა, როგორც კი ეს პირველადი სისუსტეები, რაც ეტყობოდა ძალიან, ალაგდა, ძალიან წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა უკვე მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი, მოდი, ასე ვთქვათ პირდაპირ, ნერვული მდგომარეობა; ყველაზე უფრო მძიმედ ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ ასეა. ეს მას ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზე, სიარულზეც და ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, არიან ფსიქოლოგები და არიან ფსიქოთერაპევტები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა, ჩემი აზრით. მე უკრაინული ადვოკატის ნათქვამი მოვისმინე, რომ ეს არის ორი სხვადასხვა ადამიანი, ნამდვილად ასეა, უბრალოდ, ჩვენ, ვინც შევდივართ, შევაჩვიეთ ამას უკვე თვალი და შეიძლება, ჩვენთვის კარგად არ ჩანს. ნამდვილად ასეა, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება, ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალური აღდგენის პროცესი გაცილებით უფრო რთულია და შეიძლება, ასე თვალხილულად არ მიმდინარეობდეს. ამას ანალიზებით ვერ გავიგებთ ვერასდროს და ვერანაირად. საჭიროებს ჩარევას და საჭიროებს ძალიან კვალიფიციურ და დროულ ჩარევას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა, მისივე თქმით, გარკვეულ ნარატივზე, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელდება.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს, იგი ძალიან წუხს იმის გამო, რომ გარკვეულწილად, „ქართული ოცნების“ ნარატივი იქნა შემოგდებული და რაღაც თვალსაზრისით გაზიარებული, თუმცა არა პოლიტიკური პარტიების მიმართ, იგი ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან დიდ მადლობას უხდის. თითქოს, სააკაშვილის შიმშილობამ აქცენტი გადაიტანა ვადამდელი არჩევნებიდან. პირიქით, მან იშიმშილა, რადგან ახლაც ამ მდგომარეობაშია, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში სხვათა შორის, აქ სტრესი კიდევ უფრო მეტია; პრაქტიკულად, ძალიან ცუდად სძინავს, ნერვიულობს და ა.შ. მან ეს ყველაფერი გააკეთა იმიტომ, რომ მიღწეული იყოს მთავარი, ვადამდელი არჩევნები და ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს, შეიცვალოს კოალიციური მთავრობით. იგი ვერ ხედავს და არ ხედავს, უფრო სწორად, მომავალს ნებისმიერ კონფიგურაციაში მომავალი ხელისუფლების; იგი იბრძვის იმისთვის, რომ ივანიშვილი აღარ იყოს ამ ხელისუფლების სათავეში. ეს არის მისთვის საკმარისი ამოცანა, რადგანაც მიიჩნევს, რომ ეს არის უპირობო გადარჩენა მისი ქვეყნის და სხვათა შორის, ფიზიკური გადარჩენა მისთვის და ისტორიული გადარჩენა. ამ მიმართვაში სწორედ ასე წერია. ამიტომაც, იგი თვლის საჭიროდ, რომ ბოლომდე ხელები გაეხსნას პოლიტიკურ სპექტრს და სპეკულაციების ადგილიც არ იყოს და სივრცე საიმისოდ, რომ ვითომ სააკაშვილი უშლის ხელს ვადამდელ არჩევნებს თუ სხვა გეგმებს ოპოზიციისა და იგი მოუწოდებს, რომ მასთან დაკავშირებით იყოს ალტერნატიული ჯგუფი, რომელიც ამ კონკრეტულ თემაზე იმუშავებს, რათა ბოლომდე ხელი გაეხსნას პოლიტიკურ პარტიებს და ისინიც უფრო ეფექტურები იყვნენ და კონცენტრირებული ამ საკითხზე და არაჯანსაღ სპეკულაციებსაც ბოლო მოეღოს.

უბრალოდ, დამატებისთვის ვიტყვი უკვე ჩემს პოზიციას, ძალიან ცუდი საყურებელია სახის დაკარგვა იმგვარად, რომ ადამიანის წამების შემთხვევაზე კომენტარი გააკეთო, რომ თურმე აქცენტი გადააქვს თავის თავზე იმით, რომ თავს აწამებინებს ბიძინა ივანიშვილს. ანუ როცა მიხეილ სააკაშვილი კონსოლიდაციისთვის, დიდი აქციებისთვის თუ ასე შემდეგ არის საჭირო, თურმე ის უნდა გამოჩნდეს, უნდა აწამონ და როცა უკვე ვიღაც ჩათვლის, რომ ის საჭირო არ არის, უნდა გაიწიოს. მიხეილ სააკაშვილი იბრძვის საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად იმ ხერხებით და გზებით, რომელიც მას აქვს დატოვებული ამ ხელისუფლების მიერ და რომელსაც ძალიან ბევრი უდიდესი უმრავლესობა, ჩვენგანი მეც მათ შორის ვერაფრით ვერ შევუდგებოდით და ასე ღირსეულად ვერ მოვიქცეოდით, ასე გამბედავად და ასე სწორად, არც ერთი სანტიმეტრით ადამიანი არ შეცვლილა, რადგან დავუტოვოთ მას საკუთარი არჩევანი, როგორ იბრძოლოს ამ ქვეყნისთვის და ასევე, როგორ იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად და იგი არანაირ რაღაც სქემებში როგორ ჯდება და არ ჯდება, ეს ვისაც უნდა, ილაპარაკოს რაღაცა პოლიტიკური მიმომხილველების თემად დავტოვოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ძნელი საყურებელია, როდესაც წამების ქეისს განიხილავ პოლიტიკური ინტერესის ჭრილში. სულ მცირე არაეთიკურია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ძალიან რბილი შეფასებაა, ჩემი აზრით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დატოვე კომენტარი