ნიკ კირგიოსი აშშ-ის ღიაზე არ ითამაშებს
ნიკ კირგიოსი აშშ-ის ღიაზე არ ითამაშებს

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, ნიკ კირგიოსმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც გამოაცხადა, რომ არ ითამაშებს 2020 წელს ამერიკის ღია პირველობაზე.

„ძვირფასო ჩოგბურთო, მოდით ამოვისუნთქოთ და გავიხსენოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ სპორტი და ეკონომიკა, მაგრამ ვერასოდეს დავიბრუნებთ დაკარგულ სიცოცხლეს. მე არ მაქვს პრობლემა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საჩოგბურთო ასოციაცია აშშ-ის ღიას ატარებს და მოთამაშეებს იქ გამგზავრება შეუძლიათ – ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათ უნდა გამოავლინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ჩოგბურთელები უნდა მოქმედებდნენ საერთო ინტერესებიდან, ერთად უნდა მუშაობდნენ. მათ არ აქვთ უფლება მაგიდაზე იცეკვონ, ევროპაში მოგზაურობით ფული შეაგროვონ ან საგამოფენო ტურნირებზე სწრაფად გამოიმუშაონ თანხა. ეს ძალიან ეგოისტურია. ერთხელ მაინც იფიქრეთ სხვა ადამიანებზე. აი, ამაში მდგომარეობს ეს ვირუსი – მას არ აინტერესებს თქვენი რეიტინგი და ფული. უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.

წარმატებას ვუსურვებ იმ მოთამაშეებს, რომლებიც წესებს იცავდნენ და უანგაროდ მოქმედებდნენ. ითამაშეთ საკუთარი რისკის ფასად – ამაში პრობლემა არ არის.

წელს მე არ ვითამაშებ აშშ-ის ღიაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომიწევს ერთ-ერთ უდიადეს სტადიონზე – არტურ ეშის სახელობის არენაზე გამოსვლა, მაგრამ მე ამას ვაკეთებ ადამიანებისთვის, ავსტრალიელებისთვის, ასობით ათასი ამერიკელისთვის, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს ჩვენს გამო.

ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, მოგწონთ თუ არა ის“, – განაცხადა ჩოგბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გაიმართება.