ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ The Post Online-ი იუწყება. შესაძლო დამატებითი სანქციების მიზეზი რუსეთის მხრიდან განხორციელებული კიბერთავდასხმაა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის აკრძალვებზეა საუბარი. მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა რუსი ჰაკერების საქმის დეტალებზეც ისაუბრა. მან განმარტა, რატომ არ დააკავეს ეჭვმიტანილები ნიდერლანდებში ყოფნის დროს. მარკ რუტეს განცხდებით, აღნიშნული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. მათ შემთხვევას ქვეყნის სპეცსამსახურები იძიებდნენ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შესაძლო სანქციების მიზანი რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებაა.

ცოტა ხნის წინ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის კიბერთავდასხმების აღკვეთის შესახებ განაცხადა. ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა ჰააგაშია განთავსებული, სოლსბერიში ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს იძიებდა. კიბერთავდასხმის გამო, ნიდერლანდების უსაფრთხოების სამსახურმა აპრილში 4 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მსგავსი ბრალდება წაუყენა მოსკოვს დიდმა ბრიტანეთმაც. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჯერემი ჰანთის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, კომპანიებზე, მედიასაშუალებებსა და სპორტულ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები არაერთხელ განახორციელა.