„ნეფთჩის“ მთავარი მწვრთნელი - საქართველოში ვნახეთ, „დინამო“ რამდენად ძლიერი და მომზადებული მოწინააღმდეგეა #1TVSPORT
„ნეფთჩის“ მთავარი მწვრთნელი - საქართველოში ვნახეთ, „დინამო“ რამდენად ძლიერი და მომზადებული მოწინააღმდეგეა #1TVSPORT

ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა პრესკონფერენციაზე „დინამოს თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე გუნდის მზადებასა და პრობლემებზე ილაპარაკა.

„ხვალ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა. მიზეზი მატჩზე გულშემატკივრების დაშვებაა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილებაში. მე ამას გულშემატკივართა და ფეხბურთელთა სახელით ვამბობ. ეს შესანიშნავი ნაბიჯია. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, დაძაბულობა უკვე იგრძნობა. ახლა უკვე ვხედავთ, რა მღელვარებაში ვითამაშებთ და პასუხისმგებლობის რა ტვირთი გვაწევს. საქართველოში ვნახეთ, რამდენად ძლიერი და მომზადებული მოწინააღმდეგე გვყავს. თქვენ თვითონ იცით, რომ ისინი ჩემპიონატს აგრძელებენ. ანუ, ისინი სრულიად მზად არიან და ეს პირველ შეხვედრაში ვიგრძენით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგით დავბრუნდით, ეს ჩვენ ნაჩვენებ თამაშს არ შეესაბამებოდა. ხვალ ამას გამოვასწორებთ. ადრე სტუმრად გოლს ძალა ჰქონდა ახლა კი ასე არაა. ახლა შევეცდებით, რომ ყველაფერი კარგად გამოგვივიდეს”, – განაცხადა აბასოვმა.

მან სათამაშო სახის პრობლემებზეც ილაპარაკა.

„თითოეული მოთამაშის წასვლა ყოველთვის ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამიტომ, აუცილებელია შევავსოთ ის ხარვეზი, რომელიც წარმოიშვა. პირველ მატჩში კარგად ვერ ვითამაშეთ. ზოგჯერ ბიჭები პოზიციებს კარგავდნენ, რაც ხელს ძალიან გვიშლიდა. ეს განსაკუთრებით ფლანგებს ეხება. ეს არამიშის ოფიციალური დებიუტი იყო და კარგი შთაბეჭდილება ამიტომ ვერ დატოვა. შედეგს რომ შევეშვათ, თავად თამაში არ მოგვეწონა. საბედნიეროდ, წინ საპასუხო შეხვედრაა და ჩვენ სულ სხვა თამაში უნდა ვაჩვენოთ. „ნეფთჩის“ შევსება სჭირდება. ჩვენ ტრანსფერები გვჭირდება. თუ აქამდე ორი პოზიციის გამყარებას ვცდილობდით, ჩემპიონთა ლიგის თითოეულ მატჩში ვნახავთ, რომ კიდევ უფრო მეტი გაძლიერებაა საჭირო. რადგან ზოგიერთ პოზიციაზე მოთამაშეები უბრალოდ არ გვყავს”.

ბაქოს კლუბის მწვრთნელმა პირდაპირ თქვა, რომ გუნდი კარგ მდგომარეობაში არაა, როდესაც კითხვა დაუსვეს, აუცილებელი ტრანსფერების ნაკლებობა რამ გამოიწვია ფულის დეფიციტმა თუ იმან, რომ „ნეფთჩიში“ გადასვლა მოთამაშებს არ სურთ.

„მე ვერაფერს გეტყვით ფულზე. ტრანსფერებზე თანხებს მე არ ვიხდი. მაგრამ ზოგჯერ მოთამაშეები, რომლებთანაც მოლაპარაკება გვსურს, საუბარი არ სურთ. ტრანსფერებზე გარკვეული მოსაზრებები მაქვს. შემადგენლობის მხრივ ძალიან გვიჭირს. ჩვენ უფრო გადამწყვეტი უნდა ვიყოთ, რომ სასურველი მოთამაშეები დავიმატოთ”.

რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსებს, აბასოვმა თქვა.

„ამჟამინდელი „ნეფთჩი“ ძალიან კარგ მდგომარეობაში არ არის – ამას ღიად ვიტყვი. არ ვიცი, არსებული რესურსი საკმარისი იქნება თუ არა ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად. მაგრამ რომელ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე? ეს სიზმრებია. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთული იქნება. გაცილებით რეალურია კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა მეჩვენება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. მოთამაშეები დაძაბულები არიან, როდესაც შეიტყვეს, რომ გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლის უფლება დართეს. მაგრამ დაძაბულობა შიშს არ ნიშნავს. უბრალოდ, პასუხისმგებლობა ყველამ სრულად უნდა გააცნობიეროს”.

შეგახსენებთ, რომ დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, „დინამო“ თბილისურ მატჩში 1:2 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა ბაქოში 14 ივლის „ბაქსელ არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი