კახა ცხადაძე - „ნეფთჩი“ სუსტი არაა, მაგრამ შინ მეტოქის სიძლიერის გამო არ წაგვიგია #1TVSPORT
კახა ცხადაძე - „ნეფთჩი“ სუსტი არაა, მაგრამ შინ მეტოქის სიძლიერის გამო არ წაგვიგია #1TVSPORT

„დინამოს თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოში პრესკონფერენცია გამართა და აზერბაიჯანულ „ნეფთჩისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში გუნდების შანსებზე ილაპარაკა.

„დიდი ხანია ბაქოში არ ვყოფილვარ. დიდხანს ვმუშაობდი აზერბაიჯანში. ჩემთვის ბაქო ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი ქალაქია. პირველი თამაში „ნეფთჩისთან“ ძალიან საინტერესო და რთული იყო. ხვალაც იგივე იქნება და მჯერა, მატჩის ყურებით სიამოვნებას მიიღებთ. ხვალ გაცილებით რთული იქნება, რადგან ორივე გუნდმა დაინახა ერთმანეთის სისუსტეები, ახლა კი შევეცდებით ამით ვისარგებლოთ. პირველი მატჩის შედეგის მიუხედავად, არ ვიტყოდი, რომ „ნეფთჩი“ ჩვენზე ძლიერია. კარში 8-ჯერ დავარტყით და მეკარემ შვიდი მათგანი მოიგერია. ჩვენ ორი უხეში შეცდომა დავუშვით და მარცხის მიზეზი ეს გახდა. ხვალ ეს აღარ განმეორდება. თამაში უფრო რთული იქნება, რადგან მეტოქის სისუსტეები ორივე გუნდმა დავინახეთ. ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებთ, რადგან ორივე გუნდი შეეცდება ამით ისარგებლოს”, – აღნიშნა ცხადაძემ.

მან მეტოქეზე პატივისცემით ილაპარაკა.

„არ ვამბობ, რომ „ნეფთჩი“ სუსტია. ეს მაღალკვალიფიციური გუნდია კარგი ფეხბურთელებით. მაგრამ ჩვენი საშინაო მარცხი არა „ნეფთჩის“ სიძლიერის, არამედ ჩვენი უხეში შეცდომების შედეგი იყო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეცდომები აღარ გავიმეოროთ და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ. ხვალ „ბაქსელ არენაზე“ ვითამაშებთ, რომელიც ბევრ ხალხს არ იტევს, მაგრამ ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან მოსახერხებელი სტადიონია. ბევრ სტადიონზე ვარ ნამყოფი, მათ შორის დიდ არენებზე, მაგრამ ასეთი იშვიათად მინახავს. გარდა ამისა, სტადიონის მიმდებარედ არის საცხოვრებელი კორპუსი, რაც აზერბაიჯანის გუნდისთვის დამატებითი პლუსია, რადგან მოთამაშეები ასე თავს საკუთარ სახლში გრძნობენ”.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ თამაშში, დიდი უპირატესობის მიუხედავად, „დინამო“ 1:2 დამარცხდა. შეხვედრა 14 ივლისს ბაქოში „ბაქსელ არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.