NBA-ს ისევ ადამ სილვერი უხელმძღვანელებს
NBA-ს ისევ ადამ სილვერი უხელმძღვანელებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა ლიგასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, – იტყობინება ESPN. განახლებული ხელშეკრულება ხუთწლიანი იქნება. გარიგების ფინანსური დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.

სილვერი NBA-ის კომისარი 2014 წლის პირველ თებერვალს გახდა. მან ამ პოსტზე დევიდ სტერნი შეცვალა. სტერნი, თავის მხრივ, 30 წელი იყო NBA-ის კომისარი – 1984 წლიდან მოყოლებული. სილვერი კი ლიგაში 1992 წლიდან მუშაობს.

უნდა აღინიშნოს, რომ სილვერმა თავი გამოიჩინა 2011 წელს, როცა კალათბურთელების გაფიცვის დროს, წამყვანი ფიგურა გახდა მოთამაშეებსა და კლუბების მფლობელებს შორის მოლაპარაკებებისას. მაშინ, სილვერმა მფლობელებს წელიწადში 300 მილიონი დოლარი შეუნარჩუნა.