ნათია თურნავა - ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი, ეს არის ეჭვგარეშე
ნათია თურნავა - ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი, ეს არის ეჭვგარეშე

ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი, ეს არის ეჭვგარეშე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პრეზიდენტის მიერ ჯარზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ამასთან, თურნავამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განმარტება, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი.

„ქართული ჯარი არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ინსტიტუტი, ქართველი ჯარისკაცი არის ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ეს ასახულია ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში, ეს ასახულია მათ შორის, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში. გარდა ამისა, საქართველოს ჯარი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული, პატივსაცემი ინსტიტუტი ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი იყოს უზრუნველყოფილი, რათა განვითარდეს, ნატო-ს სტანდარტების შესატყვისი ჯარი გვყავდეს და ეს არის ეჭვგარეშე.

რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტის განცხადებას, მან ამის თაობაზე განმარტება უკვე გააკეთა და ის იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, როგორც სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება ხოლმე. სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განმარტება, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. აქ მთავარი არის ზოგადად, რომ ჩვენი ჯარი არის ჩვენი პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი, ეს არის ეჭვგარეშე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. „ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.