ნათია თურნავა - დაველოდოთ, ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს არაწევრ ქვეყნებზე, როგორი იქნება მათი გეგმა საზღვრების ურთიერთგახსნის თაობაზე
ნათია თურნავა - დაველოდოთ, ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს არაწევრ ქვეყნებზე, როგორი იქნება მათი გეგმა საზღვრების ურთიერთგახსნის თაობაზე

არ მივიღებთ არც ერთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც პოტენციურად დააზარალებს იმ დადებით ვითარებას, რაც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საუბრის დროს აღნიშნა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ქვეყანა ელოდება, ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს არაწევრ ქვეყნებზე, როგორი იქნება მათი გეგმა საზღვრების ურთიერთგახსნის თაობაზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ქვეყანასთან, სადაც ეპიდვითარება ბოლო დრომდე მეტ-ნაკლებად შესაბამისი იყო ჩვენი მოლოდინების და შედარებით კეთილსაიმედო. ისრაელში ახლა მართლაც შეიქმნა პრობლემები, მაგრამ, იმედი გვაქვს, ეს დროებითი სირთულეა. თუმცა, ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც პოტენციურად დააზარალებს იმ დადებით ვითარებას, რაც გვაქვს. ჩვენ შევძელით და ვმართავთ ეპიდემიის გავრცელებას და ესაა ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენი არც ერთი გადაწყვეტილებით არ დავაზარალებთ და არ დავთმობთ ამ მონაპოვარს.

არა მარტო ისრაელთან გვქონდა მოლაპარაკებები, დაწყებული გვაქვს და საკმაოდ კარგ კონდიციამდე ვართ მისული ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსთან. ესაა საბერძნეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ჩემი კოლეგები, საგარეო საქმეთა მინისტრი, მე პირადად, ხშირად ვკონტაქტობთ ევროპელ კოლეგებთან, თუმცა მნიშვნელოვანია, დაველოდოთ, თვითონ ევროკავშირი ამ დღეებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს არაევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართებაში; როგორი იქნება მათი რეჟიმი და გეგმა საზღვრების ურთიერთგახსნის თაობაზე. ამიტომ, ჯერ კიდევ ღიაა ეს საკითხი. ჩვენი მოლოდინები მეტ-ნაკლებად დადებითია, მაგრამ კონკრეტიკა წამოვა ევროკავშირის საერთო გადაწვეტილებიდან. ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ ტურიზმზე. 15-დან იწყება ადგილობრივი ტურიზმის სეზონი და ექნება ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.