მწვრთნელების გამოკითხვა - მამუკელაშვილი კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულშია [ვიდეო] #1TVSPORT
მწვრთნელების გამოკითხვა - მამუკელაშვილი კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულშია [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ის კონფერენციის ყველა გუნდის მწვრთნელმა დაასახელა, რაც იშვიათი შემთხვევაა. სანდრო სიმბოლურ ხუთეულში თავის, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი კონფერენციის საუკეთესო 4 ნომერია.

საინტერესოა, რომ „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელი საუკეთესოთა შორის ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ მოხვდა. გასულ წლებში ამ წარმატებას მაილს პაუელმა (2019, 2020), ანხელ დელგადომა (2017) და აიზია უაიტჰედმა (2016) მიაღწიეს. წლეულს მამუკელაშვილის გარდა, ერთხმად მხოლოდ 1 კალათბურთელი აირჩიეს – „ვილანოვას“ ჯერემია რობინსონ-ერლი.

მამუკელაშვილი კონფერენციაში იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომლებიც ქულებში, მოხსნებსა და პასებში საუკეთესოთა შორის იმყოფებიან. ის მეორეა ქულებში (17.8), მე-6 მოხსნებში (7.3) და მე-13 შედეგიან გადაცემებში (3.1).

სანდრომ 20 ან მეტი ქულის ჩაგდება 12 მატჩში მოახერხა, 2-ჯერ კი 30 ქულასაც უწია. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი გამორჩეულია, რადგანაც „სეტონ ჰოლის“ მძიმე ფორვარდთაგან იდენტური რამ მხოლოდ ლიეტუველ არტურას კარნიშოვასს მოეხერხებინა უკვე შორეულ 1993-94 წლების სეზონში.

თებერვალში მამუკელაშვილი სეტონჰოლელთა ისტორიაში მხოლოდ 45-ე კალათბურთელი გახდა, ვინც კლუბის მაისურით 1000-ქულიან ზღვარს უწია (ახლა, 1072 ქულა აქვს). ეს საოცარი შედეგია მოთამაშისთვის, რომელმაც სადებიუტო სეზონში მხოლოდ 87 ქულა ჩააგდო, მე-2 სეზონში ტრავმის გამო 10 მატჩი გაუცდა, რამდენიმე შეხვედრა კი კოვიდ-პანდემიის გამო ჩაეშალა.

აღსანიშნავია, სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატიცაა, ის ასევე იბრძვის კარლ მელოუნის პრიზისთვის, რომელიც NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი იმ 30 კანდიდატს შორისაა, რომელთაგანაც ერთს კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ და ნეისმიტის სახელობის ჯილდოს გადასცემენ.

gbf.ge