მთავრობამ ანტიდემპინგურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
მთავრობამ ანტიდემპინგურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“, რის შემდეგაც მას უკვე საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომზადდა და, უწყების ცნობით, შემუშავდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე.

„დემპინგი საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად.

კანონპროექტის მიზანია დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. ამისთვის უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. თუ საკითხის შესწავლა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიება გატარდება. კანონპროექტის მიღება, დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

კანონპროექტის მიხედვით, მოკვლევის ორგანო არის კონკურენციის სააგენტო, რომელიც დემპინგური იმპორტის შესწავლას იწყებს ყოველი კონკრეტული პროდუქტის შესახებ ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე. ხოლო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა, კონკურენციის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე. ანტიდემპინგური ღონისძიების შედეგად დაწესებული ტარიფის ადმინისტრირებას კი ახორციელებს საქართველოს შემოსავლების სამსახური.

კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი, რაც გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

კანონპროექტის თანახმად, კანონი 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.