მსოფლიოს თასი 2023 | წილისყრის წინ ფიბა-მ გუნდები გაანაწილა - საქართველო მეხუთე კალათაშია #1TVSPORT
მსოფლიოს თასი 2023 | წილისყრის წინ ფიბა-მ გუნდები გაანაწილა - საქართველო მეხუთე კალათაშია #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მეორედ ჩაერთვება მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე. პირველად ჩვენს გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლის მცდელობა 2019 წელს ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ამჯერად მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ეცდება.

 

ვინ სად?

მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევის წილისყრა 31 აგვისტოს თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.

ამ ღონისძიების წინ მსოფლიოს მმართველმა ორგანიზაცია ფიბა-მ გუნდები რვა კალათში გაანაწილა. წილისყრის პროცედურა იოლი სულაც არ იქნება. თავად განსაჯეთ: ვინაიდან საქართველო მეხუთე კალათშია, იგი მხოლოდ კენტ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს. იქვე კიდევ სამი კალათის (პირველი, მეოთხე და მერვე) გუნდები გადანაწილდებიან:

I კალათა: ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, სერბეთი.

IV კალათა: ხორვატია, მონტენეგრო, ლატვია, უკრაინა.

V კალათა: ფინეთი, საქართველო, ბელგია, უნგრეთი.

VIII კალათა: სლოვაკეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია, შვედეთი.

განვმეორდებით: ამ ოთხი კალათიდან წილისყრისას ნაკრებები მოხვდება მხოლოდ A, C, E, G ჯგუფებში.

B, D, F და H ჯგუფებს შეავსებენ:

II კალათა: იტალია, ლიეტუვა, საბერძნეთი, გერმანია.

III კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი.

VI კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ბოსნია/ჰერცეგოვინა, ნიდერლანდები.

VII კალათა: ესტონეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, ისლანდია.

 

როგორ?

ყოველი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ტრიო გავა (24 გუნდი). მეოთხეადგილოსანი კი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

24 გუნდი მეორე ეტაპზე შექმნის ექვსგუნდიან ოთხ ჯგუფს: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ნაკრებებს პირველ ჯგუფში ნათამაშები შედეგები მომდევნო ეტაპზეც გადაჰყვებათ და გამართავენ ექვს (შინ და გარეთ) მატჩს სხვა ჯგუფიდან შემოსული სამი გუნდის წინააღმდეგ. მსოფლიო ჩემპიონატზე საბოლოოდ თითო ექვსგუნდიანი ჯგუფიდან საუკეთესო სამი გავა, სულ – 12. შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთი სისტემით ითამაშა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.

 

როდის?

რაც შეეხება მატჩების გამართვის თარიღებს: ფიბამ თვეები უკვე დაადგინა – ყოველ გუნდს თითო ფანჯარაში ორი მატჩის გამართვა მოუწევს.

 

პირველი ეტაპი

2021 წლის ნოემბერში;

2022 წლის  თებევრალში;

2022 წლის ივნისში;

 

მეორე ეტაპი

2022 წლის აგვისტო;

2022 წლის ნოემბერი;

2023 წლის თებერვალი.

დატოვე კომენტარი