მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში - ექვსი გუნდი უდანაკარგოდ
მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში - ექვსი გუნდი უდანაკარგოდ

ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელბურთში გუშინ მესამე ტურის შეხვედრები ჩატარდა. ყველაზე საინტერესო გერმანია-რუსეთის მატჩი გამოდგა: ბერლინის „მერსედეს-ბენც“ არენაზე მასპინძლები ფრეს დასჯერდნენ – 22:22. მეორე ტაიმის დასაწყისში გერმანია 4 ბურთით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, 7 წუთის მანძილზე, ბურთის გატანა ვერ შეძლო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსების ლიდერი დიბიროვი გახდა, რომელმაც მასპინძლების დამწუხრება 8-ჯერ შეძლო.

ფრანგებმა სამხრეთ კორეას პირველი ტაიმი მხოლოდ 1 ბურთის სხვაობით მოუგეს, მაგრამ მეორე ნახევარში დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 34:23 დაამარცხეს მეტოქე. ამავე ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში ბრაზილიამ სერბეთს აჯობა – 24:22.

მეორე ჯგუფში მორიგი შეხვედრები მოიგეს ესპანეთმა და ხორვატიამ. იაპონიის წინააღმდეგ ესპანელებს პირველ ტაიმში საკმაოდ გაუჭირდათ – 10:11. აკიჰიტო კაიმ 15 ბურთის მოგერიება შეძლო და ესპანელებმა, საბოლოოდ, მხოლოდ 4 ბურთის სხვაობით იმარჯვეს – 26:22.

ბალკანურ დერბიში ხორვატიამ 31:22 გაანადგურა მაკედონია, ისლანდიამ კი მეტოქეზე ორჯერ მეტი ბურთის გატანა შეძლო ბაჰრეინთან შეხვედრაში – 36:18.

მესამე ჯგუფში ისევ დამაჯერებლად მოიგეს მასპინძელმა დანიამ და ნორვეგიამ. დანიამ ძალების დაზოგვით, მხოლოდ 12 ქულის სხვაობით, 34:22 დაამარცხა ალბათ ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გუნდი საუდის არაბეთი, ნორვეგიამ კი 34:24 აჯობა ავსტრიას.

მნიშვნელოვანი თამაში მოიგო ტუნისმა ჩილესთან – 36:30 და მესამე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მეოთხე ჯგუფში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს შვედებმა, მათი მორიგი მსხვერპლი ანგოლა გახდა – 37:19. ჯგუფში მეორეა უნგრეთი, რომელმაც ყატარს 32:26 აჯობა.  მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საჭირო ქულები მოიპოვა არგენტინასთან შეხვედრაში ეგვიპტემ – 22:20.