მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ჯგუფური ეტაპის სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

დრიბლინგის ჯადოქრები, ლამაზი გოლები, ასაკი, ქამბექები, კუთხურები და ბურთის ფლობა – გთავაზობთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საინტერესო სტატისტიკას…

 

80 619

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი მაყურებელი (80 619) ჰყავდა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩს, რომელიც ლოს ანჯელესში „როუზ ბოულის“ სტადიონზე გაიმართა. საშუალოდ 60 ათას მაყურებელზე მეტი ესწრებოდა „ალ-აჰლის“, „ალ-ჰილალის“, „პაჩუკას“, „ინტერ მაიამის“, „პალმეირასისა“ და „რეალის“ მატჩებს.

 

169

„პორტუსა“ და „ალ-აჰლის“ შეხვედრაში სამი გოლი 169 წამის ინტერვალში გავიდა.

 

80

„ინტერი“ 80 პროცენტი ფლობდა ბურთს „ურავა რედ დაიმონდზის“ წინააღმდეგ. „მანჩესტერ სიტის“ 74 პროცენტი ჰქონდა ბურთი „იუვენტუსთან“. ჯგუფურ ეტაპზე საშუალოდ მატჩში ბურთის ფლობის მხრივ საუკეთესოები იყვნენ „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ – 71 პროცენტი. „პარი სენ-ჟერმენს“ ჰქონდა 70 პროცენტი. სამ გუნდს ჰქონდა ეს მაჩვენებელი საშუალოდ 50 პროცენტზე დაბალი: „ფლუმინენსეს“ (49 პროცენტი), „პალმეირასს“ (45) და „ბოტაფოგოს“ (38).

 

61

„მამელოდი სანდაუნზის“ ფორვარდმა, ლუკას რიბეირომ „დორტმუნდს“ 61-მეტრიანი რეიდის შემდეგ გაუტანა.

 

28

„ფლუმინესეს“ მეკარე ფაბიომ 28 წლამდე განაახლა საკუთარი რეკორდი ფიფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მონაწილეობის ხანგრძლივობის მიხედვით. 44 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში ორჯერ „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი, 1997 წელს ფიფას 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. ანხელ დი მარიამ და ლიონელ მესიმ 18 წლის ინტერვალით გაიტანეს გოლები ფიფა-ს ტურნირებზე. პირველად მათ 2007 წელს ფიფას 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინეს თავი.

 

22

„ოკლენდისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ მატჩში 22 კუთხური ჩააწოდეს. აქედან 20 არგენტინულ კლუბს ეკუთვნოდა. 17-17 კუთხური იყო „ფლუმინენსე“-„ულსანისა“ და „ზალცბურგი“-„ალ ჰილალის“ მატჩებში.

 

16

„დორტმუნდის“ გარემარბი მატის ალბერტი 16 წლისა და 27 დღის იყო, როცა „ფლუმინესეს“ წინააღმდეგ ითამაშა. ის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. „ფლუმინესეს“ 44 წლის მეკარე ფაბიო ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. როდრიგო მორა (18 წლის, 49 დღის) „პორტუდან“ გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა, სერხიო რამოსი (39 წლის) „მონტერეიდან“ – ყველაზე ასაკოვანი.

 

13

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი „მანჩესტერ სიტიმ“ გაიტანა – 13. ასევე, პეპ გვარდიოლას გუნდი ერთადერთი იყო, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა.

 

12

მაიკლ ოლისესა (ბაიერნი) და დეზირე დუეს (პსჟ) ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდათ – 12. ლიონელ მესიმ (ინტერ მაიამი) 10 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა.

 

6

ექვსმა გუნდმა შეძლო მოგება ჩამორჩენის შემდეგ: „ინტერ მაიამიმ“ „პორტუს“ წინააღმდეგ, „ფლამენგომ“ „ჩელსისთან“, „დორტმუნდმა“ „მამელოდი სანდაუნსთან“, „ფლუმინენსემ“ „ულსანთან“, „ინტერმა“ „ურავასთან“ და „ალ-აინმა“ „ვიდადთან“.

 

4

ოთხმა ფეხბურთელმა გაიტანა საჯარიმო დარტყმა: ბრაიან გონსალესმა (პაჩუკა), ლიონელ მესიმ (ინტერ მაიამი), ჯონ არიასმა (ფლუმინენსე) და კლაუდიო ეჩევერიმ (მანჩესტერ სიტი). ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი გოლი იყო ინგლისურ კლუბში.

 

3

სამ-სამი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები არიან: მაიკლ ოლისე (ბაიერნი), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ვესამ აბუ ალი (ალ-აჰლი) და ანხელ დი მარია (ბენფიკა). ამ ხუთეულიდან ორმა – მუსიალამ და აბუ ალიმ ჰეთ-თრიკი შეასრულეს. „გოლი+პასის“ სისტემით ლიდერები არიან ოლისე და ილდიზი – 5 (3+2).

 

2

ოთხი ფეხბურთელი ორ-ორჯერ აირჩიეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, და ოთხივე ბრაზილიურ კლუბებს წარმოადგენენ: „პალმეირასის“ გარემარბი ესტევაო, „ბოტაფოგოს“ ფორვარდი იგორ ჟესუსი, „ფლამენგოს“ ნახევარმცველი ჯორჯიან დე არასკაეტა და „ფლუმინენსეს“ გამთამაშებელი ჯონ არიასი.