მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, კაბო ვერდეს ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, კაბო ვერდეს ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIBA) მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, კაბო ვერდეს ეროვნული გუნდის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

კაბო ვერდე მსოფლიო პირველობაზე აფრიკული კვოტით გასული მეხუთე ნაკრებია. კუნძულელები საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში კოტ დივუარის, ანგოლის, ნიგერიის, გვინეისა და უგანდის ნაკრებებთან ერთად იყვნენ. კაბო ვერდემ მესამე ადგილი დაიკავა და შედეგებით აჯობა სენეგალს, რომელიც მეორე ჯგუფში ასევე მესამე ადგილზე გავიდა.

კაბო ვერდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ემანუელ ტროვოადამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის FIBA-ს 15-კაციანი განაცხადი წარუდგინა, ხოლო საბოლოო, 12-კაციან სიას, სავარაუდოდ, ჩინეთთან სპარინგმატჩის შემდეგ წარადგენს.

კაბო ვერდეს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

პატრიკ მენდესი (მცველი, ალმერია, ესპანეთი), ანიმ დელგადო (ფორვარდი, თავისუფალი აგენტი), შეინ და როსა (მცველი, პროვიდენსი, აშშ), ივან ალმეიდა (მცველი, ბენფიკა, პორტუგალია), ფიდელ მენდონკა (ფოვარდი, პრედიო, კაბო ვერდე), ანდერსონ კორეია (ფორვარდი, პეტრო დე ლუანდა, ანგოლა), ჟოელ ალმეიდა (მცველი, FAP იაუნდე, კამერუნი), კენეტი მენდესი (ფორვარდი, თავისუფალი აგენტი), ამარილსონ ლოპესი (ფორვარდი, სოკუელამოსი, ესპანეთი), ვილ ტავარესი (მცველი, იამბოლი, ბულგარეთი), კევინ კორონელი (ფორვარდი, ლე მანი, საფრანგეთი), კევენ გომესი (ცენტრი, პორტუ, პორტუგალია), პატრიკ სპენსერი (ფორვარდი, ცენტრო ბასკეტი, ესპანეთი), ჟოაო გომესი (ფორვარდი, ბენფიკა, პორტუგალია), ვალტერ ტავარესი (ცენტრი, მადრიდის რეალი, ესპანეთი).

გუნდის მთავარი ვარსკვლავი მადრიდის „რეალის“ ცენტრი ვალტერ ტავარესია (2.21მ). აფრიკის კონტინენტზე საკვალიფიკაციო ეტაპზე ის საშუალოდ 14.7 ქულას, 11.7 მოხსნასა და 2.7 დაფარებას აგროვებდა. გამორჩეული მოთამაშეები არიან – ივან ალმეიდა, ჟოელ ალმეიდა, ფიდელ მენდონკა, კენეტი მენდესი და ანდერსონ კორეია.

კაბო ვერდე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ასევე, ამ ნაკრებს, საშუალო ასაკის გათვალისწინებით, მუნდიალზე ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა ეყოლება. აფრიკელთათვის ეს სადებიუტო მუნდიალია, ხოლო საკუთარი კონტინენტის პირველობაზე შვიდჯერ აქვთ ნათამაშები და საუკეთესო შედეგი 2007 წელს დააფიქსირეს – მესამე ადგილი.

აფრიკული ქვეყნის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის წინ სპარინგმატჩს დღეს, 4 აგვისტოს ჩინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს, სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში არიან და თავიანთ შეხვედრებს იაპონიის ქალაქ ოკინავაში ჩაატარებენ. მუნდიალის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებენ.