მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფეხბურთში | საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას ქალაქ ელჩეში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები:
ვილი სანიოლის გუნდს შესარჩევ E ჯგუფში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ 3 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან შეხვედრისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც სექტემბრის თამაშები ტრავმის გამო გამოტოვა.
განაცხადში ასევე დაბრუნდა ლაშა დვალი, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე კლუბის გარეშე გახლდათ, შემდეგ კი ბულგარულ „ცსკა 1948 სოფიას“ შეუერთდა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს.
ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ორი ტურის მატჩი გამოტოვა, თუმცა როგორც ვილი სანიოლმა განაცხადა, მისი ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილია.
ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე – ინგლისური „უოტფორდის“ ფეხბურთელს მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ არ უთამაშია.
ესპანეთის ნაკრები:
ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველოსთან შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. ესპანეთს მოახლოებულ შეხვედრაში ლამინ იამალი, როდრი, დინ ჰაუსენი, ნიკო უილიამსი, ფაბიან რუისი და დანი ოლმო ვერ დაეხმარებიან.
ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი წარმატებით დაიწყო – ბულგარეთი 3:0 დაამარცხა, შემდეგ კი გასვლით მატჩში თურქეთს დამაჯერებელი ანგარიშით, 6:0 სძლია.
მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს თქმით, ტრავმირებულ ფეხბურთელებზე არ ნერვიულობს, რადგან დიდი არჩევანი აქვს.
ურთიერთშეხვედრები:
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს ისტორიაში ერთმანეთის წინააღმდეგ რვა მატჩი აქვთ ჩატარებული. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან გამარჯვებას 2016 წელს მიაღწია – მადრიდში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთი თორნიკე ოქრიაშვილის გატანილი გოლით დავამარცხეთ.
ბოლო მატჩი ესპანეთსა და საქართველოს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში შედგა.
შეხვედრის მსაჯი:
მატჩს ლიეტუველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი მანფრედას ლუკიანჩუკასი იქნება, მას მანგირდას მირაუსკასი და ვიეტენის კაზლაუსკასი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი დონატას რიმშასი იქნება.
ვიდეორეფერის ფუნქციებს პორტუგალიელი ტიაგო მარტინსი და ლიეტუველი დონატას შიმენასი შეასრულებენ.