ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე – ძლიერ მეტოქესთან რთული მატჩი გველოდება #1TVSPORT

15:45, 10.10.2025

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ და ნახევარმცველმა, მიკელ მერინომ საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლუის დე ლა ფუენტე: „ვიმედოვნებ, ამინდი ხელს არ შეგვიშლის და მატჩის ჩატარებას შევძლებთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად გამარჯვებები საჭიროა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ძლიერ მეტოქესთან რთული შეხვედრა გველოდება. საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მათ წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ბიჭები მოტივირებულები და კონცენტრირებულები არიან, ვარჯიშით კმაყოფილი დავრჩი.

დანი ოლმომ გარკვეული დისკომფორტი იგრძნო და საწვრთნელი პროცესი დაწყებიდან 15 წუთში შეწყვიტა. მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. ფეხბურთელთა ტრავმებზე არ ვნერვიულობ, რადგან დიდი არჩევანი მაქვს, ორი ან სამი გუნდის ჩამოყალიბება შეგვიძლია. ერთადერთი, რაც მსურს, არის ის, რომ თითოეული მოთამაშე ჯანმრთელი იყოს“.

მიკელ მერინო: „ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი გვაკლია, რაც შესამჩნევია. შესაძლოა, გეგმები შეიცვალოს, თუმცა ჩვენს გუნდში ბევრ მოთამაშეს შეუძლია ინდივიდუალურად გამწვავება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის.

ფიფა-ს რეიტინგში პირველები ვართ და ეს დიდი პატივია. გვსურს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სტატუსი შევინარჩუნოთ“.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ქალაქ ელჩეში უნდა ჩატარდეს. მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი