მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

გერმანია-დანიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. ნორვეგიამ დამაჯერებლად, 35:26 მოუგო უნგრეთს და პლეი-ოფშია,  მეორე შეხვედრაში კი დანია შვედეთს შეხვდა.

3 ბურთით მოგების შემთხვევაში, შვედები მასპინძლებთან ერთად გადიოდნენ ნახევარფინალში და ნორვეგიას მესამე ადგილზე დააქვეითებდნენ. პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც შვედებს სასურველი სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, მეორე ნახევრის დასაწყისშიც იგებდნენ 2 ბურთით, მაგრამ საბოლოოდ მაინც კაპიტულაციის გამოცხადება მოუწიათ – 26:30.

დანია ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მატჩი მოიგო. მეორე ჯგუფში, ბოლო ტურის წინ გარკვეული იყო, რომ ნახევარფინალში გერმანია და საფრანგეთი ითამაშებდნენ. გერმანელებმა 31:30 მოუგეს ესპანეთს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. საფრანგეთი ხორვატიასთან დამარცხდა 20:23 და ნახევარფინალშიც მეორე ადგილით გავიდა.

ნახევარფინალური შეხვედრები პარასკევს ჰამბურგში გაიმართება. გერმანია ნორვეგიას შეხვდება, დანია საფრანგეთს.