მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ კვლევაში „მთავრობის ეფექტურობის“ მიმართულებით საქართველოს 100-დან 76.92 პროცენტი აქვს მინიჭებული
მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ კვლევაში „მთავრობის ეფექტურობის“ მიმართულებით საქართველოს 100-დან 76.92 პროცენტი აქვს მინიჭებული

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ ყოველწლიურ კვლევაში „მთავრობის ეფექტურობის“ მიმართულებით საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 100 პროცენტიდან 76.92 პროცენტი აქვს მინიჭებული, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

მაგალითისთვის, 2009 წელს, მთავრობის ეფექტურობის კუთხით, საქართველოს 64.11 პროცენტი, 2014 წელს კი 71.63 პროცენტი ჰქონდა. მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში გაზრდილია მონაცემები „რეგულირების ხარისხის“ მიმართულებითაც და საქართველოს 82.69 პროცენტი აქვს მინიჭებული.

ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიო ბანკის კვლევაში „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 70 პროცენტზე მაღალ შეფასებას იმსახურებს – 2019 წელს იყო 74.04 პროცენტი. 62 პროცენტით შეაფასა მსოფლიო ბანკმა გასულ წელს საქართველოს რეიტინგი „კანონის უზენაესობის“ კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში მცირე კლება აქვს, თუმცა მნიშვნელოვნად აჭარბებს 2009 წლის მონაცემებს (49.29 პროცენტი).

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევაში საქართველოს მცირე კლება აქვს „პოლიტიკური სტაბილურობის და ძალადობის/ტერორიზმის“ კუთხით – 29.05 პროცენტი, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი 34.76 პროცენტი იყო. 53.20 პროცენტი მიენიჭა საქართველოს „ანგარიშვალდებულების ხმის“ მიმართულებით. 2014 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოს ამ კუთხით 57.64 პროცენტი დაუწერა, რაც მაქსიმალური შედეგი იყო.

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევა 1996 წლიდან ტარდება.

დატოვე კომენტარი