მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა
მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 26 307 მიღებული განაცხადიდან, შემდეგ ეტაპზე – 4 103 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა. მეორე ეტაპზე გადასული ბიზნესიდეის განაცხადებიდან 2 056 განაცხადის ავტორი ქალი, ხოლო 2 047 იდეის ავტორი კაცი მეწარმეა. ახალი პირობებით განახლებული სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეები მიღება დაიწყო 5 ოქტომბერს და 26 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა.

„აღსანიშნავია, რომ მიღებულ განაცხადების განხილვა გამჭვირვალე პროცესს გულისხმობს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილების, დამოუკიდებელი ექსპერტები ახორციელებდნენ.

ამასთანავე, მიუკერძოებელი შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად, ყველა შემოსულ აპლიკაციას ავტომატურად მიენიჭა კოდი. შემფასებლებმა კი ბიზნესიდეის ავტორის ვინაობის ნაცვლად, სწორედ აღნიშნული კოდით დაახარისხეს მიღებული აპლიკაციები.

მნიშვნელოვანია, რომ მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტებისთვის ბიზნესგეგმების განაცხადების შევსება დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება, ხოლო მანამდე განაცხადების ავტორებს ბიზნესგეგმების წერის ტრენინგები ჩაუტარდებათ“, – აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6 212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.