მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროა აშშ-ის საელჩოს ხისტი შეფასებები და მათი განცხადება არ მგონია არგუმენტირებული
მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროა აშშ-ის საელჩოს ხისტი შეფასებები და მათი განცხადება არ მგონია არგუმენტირებული

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულ შეფასებებს.

„სამწუხაროა ასეთი შეფასების მოსმენა, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული. მათ აქვთ ასეთი პოზიცია, რომელიც უკავშირდება ამ ორ რეფორმას, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე გასული წლის მიწურულს. მიუხედავად ამ შეუთანხმებლობისა, გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები და ზოგადად, ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს შემდგომი განვითარებისა და პროგრესისთვის მთავარი ორიენტირია, საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ, ეს გახლავთ მათ შორის ევროკავშირი, ეს გახლავთ ნატო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების პოზიციები და ზოგიერთი დიპლომატის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებები, შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების პოზიციები და ზოგიერთი დიპლომატისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებები და შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს არ არის კარგი ტენდენცია, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოთა წარმომადგენლების პოზიციები აბსოლუტურად სინქრონული და შეთანხმებული იყოს იმ პოზიციებთან, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს. შესაბამისად, როდესაც ასეთი შემთხვევა არ არის, ამას აღვნიშნავთ გულისტკივილით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი