მიხეილ სარჯველაძე - რაც უნდა აუტანლობა გქონდეს ერთ პოლიტიკოსს მეორის, როგორ შეიძლება, რომ ეს ბავშვებისთვის სტრესული გარემოს შემქმნელი ხდებოდეს
მიხეილ სარჯველაძე - რაც უნდა აუტანლობა გქონდეს ერთ პოლიტიკოსს მეორის, როგორ შეიძლება, რომ ეს ბავშვებისთვის სტრესული გარემოს შემქმნელი ხდებოდეს

რაც უნდა აუტანლობა გქონდეს ერთ პოლიტიკოსს მეორის, როგორ შეიძლება, რომ ეს ბავშვებისთვის სტრესული გარემოს შემქმნელი ხდებოდეს, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დღეს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში პირი, რომელსაც სამუშაო ადგილად „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს მითითებული, ავრცელებს ფოტოებს, სადაც ერთ-ერთ სადარბაზოში უცენზურო წარწერაა გაკეთებული და ასევე წერია – „აქ ცხოვრობს ჩიტო“, ხოლო ქუჩაში, ბოძებზე სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის ფოტოებია გამოკრული, მსგავსი წარწერებით.

„ჩემი დამოკიდებულება ამაზე ცნობილია, სულ რამდენიმე დღის წინ მე გავაკეთე ამაზე განცხადება. სამწუხაროდ, მაშინ გაკეთებული მოწოდების მიუხედავად, მაინცდამაინც არ მომისმენია ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან, მაგალითად ბატონი უგულავას იმ ამაზრზენი განცხადების დაგმობის ფაქტი. ესეც ცუდია, ვითომ რამდენიმე შეფასება იყო ძალიან რბილად გაკეთებული, მაგრამ შემდეგ არავის თავი არ გამოუდია, რომ ეთქვათ, მკაფიოდ დაეფიქსირებინათ. მე არ ვითხოვ იქ ვინმეს გალანძღვას, დისტანცირებას და ასე შემდეგ, მე ვითხოვ, რომ ამას სახელი უნდა დაერქვას; რომ ასეთი რამ დაუშვებელია. რაც უნდა აუტანლობა გქონდეს ერთ პოლიტიკოსს მეორის; ერთი მოხელის ან ადამიანის მიმართ, როგორ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ იგივე ბავშვებისთვის სტრესული გარემოს შემქმნელი ხდებოდეს, ეს წარმოუდგენელი ამბავია; ასე ცხოვრება არ შეიძლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ამას სჩადიან, არიან ველურები. მაგრამ სიველურისა და ბარბაროსობის გარდა, აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვლინდება კონკრეტული სამართალდარღვევა და ამ სამართალდარღვევაზე აუცილებელია რეაგირება. თუ ასეთი ფაქტი არსებობს, როდესაც საცხოვრებელ სახლთან მივიდა, ასეთი სივრცე შექმნა და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამით უნდა დაინტერესდეს შესაბამისი უწყება, რომელსაც ეხება ასეთი ამაზრზენი ქმედების აღკვეთა, ამაზრზენთან ერთად, რომელიც არის მართლსაწინააღმდეგოც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.