მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ აცხადებს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას, რომ უცხოელ პარტნიორებს კარგ პოზაში მოეჩვენოს, თან ულტიმატუმს რომ აყენებ, ეს მზადყოფნას არ ნიშნავს
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ აცხადებს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას, რომ უცხოელ პარტნიორებს კარგ პოზაში მოეჩვენოს, თან ულტიმატუმს რომ აყენებ, ეს მზადყოფნას არ ნიშნავს

საპასუხო ნაბიჯი, რაც ნიკანორ მელიას და მისი თანამოაზრეების მხრიდან ვიხილეთ, ააშკარავებს ოპოზიციის რიგი მესვეურების არაკონსტრუქციულ და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„აშკარად გამოჩნდა, რომ რეალურად, მათი სურვილია, თავი მსხვერპლის მდგომარეობაში წარმოაჩინონ და ასეთი ილუზია შექმნან. საზოგადოება ამას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს, როგორც სიმართლეს, ვინაიდან მართლაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, სიმართლე რა არის. სიმართლე კი ის არის, რომ ირგებენ რაღაც როლებს და ნიღბებს, რაც საზოგადოებისთვის არადამაჯერებელია. თვალსაჩინოა, რომ ამ შემთხვევაში საქმე პოლიტიკურ დევნასთან კი არ გვაქვს, არამედ თავად ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლების იმგვარად გათამაშებაში, სადაც ვინმე შეძლებს, პოლიტიკური დევნილის როლი მოირგოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისმის განცხადებები, რომ ოპოზიციური ლიდერის დაკავების ფაქტს როდესაც ხედავენ, ეს განვითარებული ევროპული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია არ არის, მაგრამ ამავე დროს, უნდა გაჩნდეს კითხვა, არის კი დამახასიათებელი განვითარებული ევროპული სახელმწიფოებისთვის ოპოზიციური ლიდერების მხრიდან ისეთი ქმედებები, როცა ადგილი აქვს გაუთავებელ მცდელობას, რომ ეს ადამიანი რამენაირად საპატიმროში მოხვდეს.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ მახსენდება შემთხვევა, როცა დიდი პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმ სახით იქცეოდეს, როგორც ამ შემთხვევაში ბატონი ნიკანორ მელიას ქმედებები ვიხილეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რას აკეთებს ხელისუფლება დიალოგის გასაახლებლად და რა კომპრომისზე აპირებს წასვლას შეთანხმების მისაღწევად, რაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის წინაპირობა გახდება, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, ულტიმატუმის ენაზე საუბარი უნდა გამოირიცხოს.

„როდესაც საუბარი გვაქვს მოლაპარაკების პროცესზე, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. დღეს ბევრი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ვისმენდით, რომ არა მოლაპარაკება, თუ ეს პირობები დაკმაყოფილებული არ იქნება. მხოლოდ იმიტომ აცხადებენ მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას, რომ უცხოელ პარტნიორებს კარგ პოზაში მოეჩვენონ, მაგრამ როდესაც მოლაპარაკებისთვის მზადყოფნასთან ერთად ულტიმატუმს აყენებ, რასაკვირველია, ეს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს. ე.წ. ვა-ბანკ თამაშის პრინციპით – ყველაფერი ან არაფერი, დამოკიდებულებები, ვითომ ყალბი შეუპოვრობის სახელით, მისაღები არ არის. ჩვენს ოპონენტებს ვთავაზობთ, მსჯელობა ფაქტებამდე მივიდეს და რეალურად, მომდევნო რეზულტატი მხოლოდ ფაქტმა განაპირობოს. გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ სუბიექტური აღქმით არ შეიძლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.