მიხეილ სარჯველაძე - იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წელი შეიძლება, ოპოზიციური პარტიებისგან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ
მიხეილ სარჯველაძე - იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წელი შეიძლება, ოპოზიციური პარტიებისგან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ

იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საგნობრივი საუბარი თუ არ გაიმართა და თემატიკის ირგვლივ დისკუსია არ დაიწყო, ეს ოპოზიციას არსად მიიყვანს და რეალურად, ეს არის სახიფათო ქვეყნისთვისაც. ხელისუფლების მიდგომა ორიენტირებულია და მიდრეკილია საიმისოდ, რომ დესტრუქციულად განწყობილ ოპოზიციურ ძალას პრობლემები არ შეაქმნევინოს და ეს არის სწორი ნაბიჯი. ოპოზიცია შემხვედრ ნაბიჯს თუ გადმოდგამს იმ მიმართულებით, რომ ჩვენი მსჯელობა და კამათი თემატურ და საგნობრივ დისკუსიაში გადაიზარდოს, რასაკვირველია, ეს იქნება მხოლოდ ქვეყნის წარმატების საწინდარი. გულწრფელად გითხრათ, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში გარკვეული მოლოდინი უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, პირდაპირ ვიტყვი, იქნება მუნიციპალიტეტები, სადაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აბსოლუტური დესტრუქცია ვიხილოთ. სამწუხაროდ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ეს ალბათ, გარდაუვალი იქნება. სამწუხაროდ, ეს ასეა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ განცხადებით მიხეილ სარჯველაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იძლევა თუ არა ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული უთანხმოება იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ ადგილობრივ დონეზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა გართულდება და რამდენად შესაძლებელია თუნდაც, თემატური კოალიციების შექმნა რამდენიმე საკრებულოში.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული და არანორმალური, ნორმის ფარგლებიდან ამოვარდნილი ქმედებებით დიდხანს შეეცდება, რაღაც ინტერესი გააჩინოს და საზოგადოების ყურადღება შეინარჩუნოს, მაგრამ ეს დღითი დღე კლებადი იქნება.

„იმიტომ, რომ დღითი დღე მეტი ადამიანი ხვდება, რომ ასეთი ქმედებებით არავითარი პერსპექტივა არ ემატება შესაძლებლობებს, რომელიც მოქალაქეებს ეძლევათ. ამიტომ უმჯობესია, ეს დროულად გააცნობიერონ ოპოზიციონერებმაც და საკუთარი ქცევები ნორმალურ კალაპოტში ჩააყენონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი