მიხეილ დაუშვილი - ვმსჯელობთ, რა ფორმით ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, რათა ბიზნესის წნეხად არ იქცეს
მიხეილ დაუშვილი - ვმსჯელობთ, რა ფორმით ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, რათა ბიზნესის წნეხად არ იქცეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნერგავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს სპეციფიკური ნარჩენებისთვის. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

ბიზნსომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული ახალ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობის პროცესში.

„მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების თემაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად მუშაობს. გვაქვს ძალიან კონსტრუქციული სამუშაო ფორმატი როგორც ბიზნესთან, ასევე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამ ეტაპზე მიდის დისკუსია, თუ რა მოდელით შეიძლება იყოს ამოქმედებული რეგულაცია ისე, რომ ეს არ იქცეს ბიზნესისთვის დამატებით წნეხად და ამასთან დავაკმაყოფილოთ ის ვალდებულებები, რაც ნარჩენების მართვის მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს ნაკისრი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის-იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.