მერვედფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მონტენეგროს დამარცხება სჭირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
მერვედფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრებს მონტენეგროს დამარცხება სჭირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მეხუთე ევრობასკეტზე თამაშობს. ორ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა, ორჯერ ჯგუფიდან ვერ გავიდა. სამ შემთხვევაში საქართველოს ბედი ბოლო ტურის ბოლო წამებზე გაირკვა. ასე იქნება ამჯერადაც:

საქართველოს ნაკრებს ერთი მოგება აქვს და ჯგუფიდან გასასვლელად დღეს, მონტენეგროს დამარცხება სჭირდება. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თუმცა „ჯვაროსნები“ მხოლოდ საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებულები – მერვედფინალში გასასვლელად აუხილებელი პირობაა ბელგიის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხოს. ეს მატჩი 18:15 საათზე დაიწყება და მისი რეპორტაჟიც საქართველოს პირველი არხზე გადაიცემა, ისევე როგორც დღის პირველი თამაში – ესპანეთი-თურქეთი.

ვინც მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებს, საშუალება ექნება საქართველოს ნაკრებს რიყის პარკში, პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან დიდ ეკრანზე უქომაგოს. სადაც ასევე გაიმართება გათამაშებები და საინტერესო სპორტული აქტივობები.

გუნდი
1. ესპანეთი 4 3 1 7
2. თურქეთი 4 3 1 7
3. მონტენეგრო 4 2 2 6
4. ბელგია 4 2 2 6
5. ბულგარეთი 4 1 2 5
6. საქართველო 4 1 3 5

 

საქართველო

კალათბურთში ბევრს წყვეტს ემოცია. აქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩის შემდეგ თითქოს ემოციურად გამოფიტული იყო. ბულგარეთთან 80:92 დამარცხდა. რეაბილიტაციისთვის ჩვენს გუნდს ძალიან ცოტა დრო აქვს – ერთი დღე. რამდენად კარგად მოახერხებს ძალების აღდგენას ფსიქოლოგიურად გადაწყობას, ეს მონტენეგროსთან მატჩში გამოჩნდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბულგარეთთან წაგების შემდეგ მეტად კრიტიკული იყო და მონტენეგროსთან მატჩზეც ილაპარაკა:

„დღეს პარკეტზე არ გამოვსულვართ, გახურებიდანაც ჩანდა, რომ კალათბურთის სათამაშოდ მზად არ ვიყავით. თურქეთთან მოგებული მატჩის ემოციები გამოგვყვა და ვერ გავაანალიზეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველა თამაშის მოგება გვჭირდებოდა. შეხვედრაზე ვერაფერს ვიტყვი, საშინლად გამოვიყურებოდით, ცუდად არა, საშინლად! 61 ქულა ორმა კალათბურთელმა ჩაგვიგდო. თამაშის წინ ბევრი ვისაუბრეთ დაცვაზე, განსაკუთრებით ამ ორი მოთამაშის წინააღმდეგ. რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამას დაცვა არ ერქვა, რაღაც სხვა იყო, მაგრამ ბერლინში წასვლა თუ გინდა, დაცვა უნდა ითამაშო. მადლობა და ბოდიში ფანებს, ისინი შეუდარებლად კარგები იყვნენ. ხვალ შესაძლოა, პლეიოფში გასვლის შანსი მოგვეცეს, ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ, რაც მთავარია, კალათბურთი უნდა ვითამაშოთ.“

 

 

მონტენეგრო

„მორნარის“ კალათბურთელმა ვლადო მიჰაილოვიჩმა საქართველოს ნაკრები დადებითად დაახასიათა:

„ქართველებს აქვთ სიმაღლე. ძალიან რთულია ფარქვეშ ბითაძის, შერმადინისა და მამუკელაშვილის წინააღმდეგ თამაში. მასპინძლების მთავარი პლუსი სწორედ წინა ხაზია, თუმცა დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ გამთამაშებელ თად მაკფადენს. ყველა შეტევა სწორედ მასზე გადის და ყველაზე მეტხანს ბურთს ის ფლობს.“

თავის მხრივ, მონტენეგროსაც ჰყავს მაღალი დონის კალათბურთელები, რომელთაგან ბოიან დუბლიევიჩი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის გამორჩეული წინახაზელია. ის სამქულიანებსაც კარგად სტყორცნის და დიდი ყურადღება სჭირდება.

მონტენეგრო
მოთამაშე სმ დაბ. კლუბი
ფილიპ ანჯუშიჩი 208 2002 ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ვასილიე ბაჩოვიჩი 206 1999 დერბი (მონტენეგრო)
იგორ დრობნიაკი 193 2000 ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
ბოიან დუბლიევიჩი 205 1991 ვალენსია (ესპანეთი)
ალეკსა ილიჩი 204 1996 დერბი (მონტენეგრო)
ნიკოლა ივანოვიჩი 190 1994 ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
ჯორჯიე იოვანოვიჩი 197 2003 დუნავი (სერბეთი)
ვლადიმირ მიჰაილოვიჩი 193 1990 მორნარი (მონტენეგრო)
ზორან ნიკოლიჩი 212 1996 ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
ნიკოლა პავლიჩევიჩი 192 1988 დერბი (მონტენეგრო)
კედრიკ პერი 183 1992 უნიკახა (ესპანეთი)
პეტარ პოპოვიჩი 195 1996 ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
ჯონ რადებოუ 191 1997 ტენერიფე (ესპანეთი)
დინო რადონჩიჩი 202 1999 სარაგოსა (ესპანეთი)
ნემანია რადოვიჩი 208 1991 მურსია (ესპანეთი)
მარკო სიმონოვიჩი 211 1999 ჩიკაგო (NBA)
რადოსლავ სპასოიევიჩი 204 1992 სუტიესკა (მონტენეგრო)
მარკო ტოდოროვიჩი 208 1992 როიალსი (ჩინეთი)
მწვრთნელი: ბოშკო რადოვიჩი

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველო-მონტენეგრო         1:1

(ოფიციალური მატჩები)

90:84 – ეს ანგარიში ქართველ გულშემატკივარს დიდი ხანი ემახსოვრება. მონტენეგროში ამ მოგებით ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტი 2017-ის საგზური მოიპოვა.

გემახსოვრებათ ვიქტორ სანიკიძის თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანიც. ესეც მონტენეგროსთან იყო.

 

ევრობასკეტი 2017

შესარჩევი

07.09.2016. თბილისი

საქართველო-მონტენეგრო     74:76

25:19, 17:21, 12:22, 20:14

საქართველო: დიქსონი (13ქ, 4პ), ა. ბოისა, ფაჩულია (22ქ, 9მ), ცინცაძე (6ქ, 7პ), შერმადინი (4ქ), სანაძე (6ქ), სანიკიძე (10ქ, 10მ), ბურჯანაძე, შენგელია (13ქ, 9მ).

 

ევრობასკეტი 2017

შესარჩევი

07.09.2016. ბარი

მონტენეგრო-საქართველო     84:90

18:26, 23:19, 21:19, 22:26

საქართველო: დიქსონი (31ქ, 6მ), ფაჩულია (21ქ, 13მ, 5პ), ცინცაძე (13ქ, 7პ), შერმადინი (4ქ), სანაძე (5ქ), სანიკიძე (14ქ, 7მ), ბურჯანაძე (2ქ), ბექაური, ა. ბოისა, ლეჟავა.