მერაბ შარიქაძე - გვინდა, გამოვცადოთ საკუთარი თავი სხვა ფორმატისა და შესაძლებლობების ტურნირში #1TVSPORT
მერაბ შარიქაძე - გვინდა, გამოვცადოთ საკუთარი თავი სხვა ფორმატისა და შესაძლებლობების ტურნირში #1TVSPORT

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რომლის ძირითად ბირთვს საქართველოს ნაკრების მორაგბეები წარმოადგენენ, სამხრეთ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრა, სადაც სუპერლიგის გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ეს ტურნე რაგბის მსოფლიო თასისთვის საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განიხილება.

მომავალ ტურნესა და იქ დაგეგმილ თამაშებზე კომენტარი „შავი ლომის“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

„ჩვენი მიზანია ხარისხიანი სათამაშო პრაქტიკა მივიღოთ, ასევე გამოვცადოთ საკუთარი თავი სხვა ფორმატისა და შესაძლებლობების ტურნირში. რაგბი ევროპის სუპერთასზე ფიზიკურობაზე ორიენტირებული გუნდები თამაშობენ, სამხრეთ ამერიკაში კი უფრო ლაღი და სწრაფი თამაში მიდის. სწორედ ამ სტილზეა მორგებული მსაჯობაც და საინტერესო გამოწვევა გველის.

გუნდები, რომელთაც სამხრეთ ამერიკაში ვეთამაშებით, ჩვენი ინფორმაციით, სწრაფი რაგბის მიმდევრები არიან. შარშან, ზაფხულში არგენტინა XV-ს ქუთაისში რომ ვეთამაშეთ, იმ შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების 90% ამერიკის სუპერლიგაში თამაშობს და ვნახეთ, რამდენად ხარისხიანი მორაგბეები არიან.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე, მიხეილ ნარიაშვილი შემოგვიერთდა, რომელმაც ტოპ 14-ში არაერთხელ გამოიჩინა თავი და წლების განმავლობაში საუკეთესო პირველი ნომერი იყო. უმძიმესი ტრავმის შემდეგ მან, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო და წარმოუდგენელი სიტუაციიდან დაბრუნდა. დიდი იმედი მაქვს, ის ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდება“, – აღნიშნა მერაბ შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკაში ჩვენი გუნდი 8 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით ხუთ თამაშს გამართავს.

„შავი ლომის“ განრიგი სამხრეთამერიკულ ტურნეში:

9 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „დოგოს XV“ (არგენტინა)

14 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „სელკნემი“ (ჩილე)

21 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)

28 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“

6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)