მერაბ გაბინაშვილი - ანა დოლიძის განცხადება სასამართლო ხელისუფლების მიმართ სიძულვილს თესავს 
მერაბ გაბინაშვილი - ანა დოლიძის განცხადება სასამართლო ხელისუფლების მიმართ სიძულვილს თესავს 

სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, მერაბ გაბინაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს პირველ არხთან გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება მოსთხოვა.

საუბარია ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე, რომ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც მოსამართლეები საერთოდ არ უნდა იყვნენ, ან შეიძლება, ციხეში ისდხნენ. გაბინაშვილმა დოლიძის ამ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

„როდესაც მოსამართლეს ეუბნები, რომ ციხეში უნდა იჯდეს, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც სიძულვილს თესავს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ამის უფლება მას არ აქვს”, – განმარტა მერაბ გაბინაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა არასწორი და უდროოდ გადადგმული ნაბიჯი იყო.

მისი თქმით, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც მოსამართლე საერთოდ არ უნდა იყოს, ან შეიძლება ციხეში იჯდეს.

შეგახსენებთ, ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

დატოვე კომენტარი