მეხიკოში აბორტების ლეგალიზაციის მოთხოვნით აქციაზე გასულ ქალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
Members of a feminist collective clash with police officers during a protest to mark the International Safe Abortion Day in Mexico City, Mexico September 28, 2020. REUTERS/Carlos Jasso
მექსიკის დედაქალაქში აბორტების ლეგალიზაციის მოთხოვნით დემონსტრაციაზე გასულ ქალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საპროტესტო აქცია მეხიკოს ცენტრში უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ბოთლები ესროლეს. პოლიციამ კი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მექსიკაში აბორტები არალეგალურია, დედაქალაქისა და სამხრეთით მდებარე ოახაკას შტატის გარდა, სადაც აღნიშნული სამედიცინო პროცედურა გასულ წელს გახდა კანონიერი. მექსიკის დანარჩენ ნაწილში აბორტის გაკეთება აკრძალულია, გამონაკლისს წარმოადგენს განსაკუთრებული გარემოებები, მათ შორის გაუპატიურების შედეგად ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა.