მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია
მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია

უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია. როგორც უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 41 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 33 საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, წყალმომარაგების სისტემა, საკვების ქარხანა, მანქანათმშენებელი ქარხანა, სასოფლო-სამეურნეო საწარმო.

მათივე ცნობით, ამ თავდასხმების შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედრო მოსამსახურეებმა გაანადგურეს: ოთხი ტანკი; სამი საარტილერიო სისტემა; რვა ჯავშანტექნიკა; სამი მანქანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უკრაინის დონბასის ცაზე ჩამოაგდეს საბრძოლო ვერტმფრენი „კა-52“ და უპილოტო საფრენი აპარატი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის დაბომბვა დაიწყეს. ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი რაიონები გახდა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა სამხედროებმა სლავიანსკზე შეტევა განაახლეს.