მედიის ცნობით, რუსეთის პატრიარქი და ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დამფუძნებელი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის პროექტიდან ამოიღეს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი და რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ დამფუძნებელი, ვაგიტ ალეკპეროვი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების 21-ე პაკეტის პროექტიდან ამოიღეს.
გამოცემა „ევროპეისკაია პრავდის“ ცნობით, პატრიარქ კირილისა და ალეკპეროვის ამოღება ბულგარეთის მოთხოვნით მოხდა.
ამასთან, მედიის ცნობით, ევროკავშირში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების წევრების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
გარდა ამისა, სანქციების პაკეტის პროექტიდან სრულად ამოიღეს ევროკავშირში სხვადასხვა სახეობის თევზის იმპორტის აკრძალვის წინადადება. ასევე, აღარ განხორციელდება რუსული წარმოების თხევადი ბუნებრივი აირის და მის გადასაზიდად გამოყენებული ტანკერების მიმართ მკაცრი შეზღუდვების დაწესების გეგმა.
გადაუჭრელ საკითხებს შორის კვლავ რჩება ავსტრიის მოთხოვნა, რომელიც რუსეთის საინვესტიციო კომპანია Rasperia-სთვის სანქციების მოხსნასა და მისი აქტივების განბლოკვას ითვალისწინებს. კომპანია რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას უკავშირდება და მილიარდობით ევროს ღირებულების სამართლებრივი პრეტენზიები აქვს ავსტრიული ბანკის, Raiffeisen-ის შვილობილი კომპანიის მიმართ.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების 21-ე პაკეტის შინაარსზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.