მედიის ცნობით, აჰმედ ალ შარაამ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას აშშ-ის მიერ სირიის ეკონომიკის მხარდაჭერა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს
სირიისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. „როიტერის“ ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს აჰმედ ალ შარაამ და დონალდ ტრამპმა აშშ-ის მიერ სირიის ეკონომიკის მხარდაჭერასა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე ისაუბრეს.
სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, ლიდერებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე საერთო ინტერესის მქონე საკითხების განხილვას ისე, რომ ის ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს.
საუბრის დროს შარაამ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ სირიისთვის დარჩენილი სანქციების მოხსნა აუცილებელია ეკონომიკის აღორძინებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის.
ცნობისთვის, გასულ წელს აშშ-მა სირიას გარკვეული სანქციები მოუხსნა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციები კვლავ ძალაში დარჩება სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადისა და მისი თანამოაზრეების, ასევე ადამიანის უფლებების სავარაუდო დამრღვევების, ნარკოტიკებით მოვაჭრეებისა და სხვა აქტორების მიმართ, რომლებიც რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენენ.