მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის, 51 წლის თ.ს.-ს დედა აცხადებს, რომ მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
„არ ვიცი, რა მოხდა. გავარკვევ და მერე გეტყვით“, – განაცხადა მან.
დედის თქმით, მისი შვილი არ იცნობდა ოჯახს, რომელსაც გუშინ პეკინის გამზირზე თავს დაესხა.
„არ იცნობდა არც იმ ბავშვს და არც ოჯახს. ჯანმრთელობის არანაირი პრობლემაც არ ჰქონია. დამირეკეს თბილისიდან, გუშინ ღამით სახლში იყო, 11:00 საათზეც და 12:00-ზეც“, – განაცხადა მან.
ამასთან, საქართველოს პირველი არხი ბრალდებულის მეზობლებსაც გაესაუბრა. მათი თქმით, დაკავებული ქალი მხატვარია და ოფიციალური სამსახური არ ჰქონია.
მეზობლები აცხადებენ, რომ მისი მხრიდან რაიმე აგრესიული ქმედება ამ დრომდე არ დაუნახავთ.
თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები გუშინ მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.