მბაპემ მადრიდის „რეალს“ პირობები წაუყენა - ფრანგ ფეხბურთელს პარიზის ოლიმპიადაზე თამაში სურს #1TVSPORT
მბაპემ მადრიდის „რეალს“ პირობები წაუყენა - ფრანგ ფეხბურთელს პარიზის ოლიმპიადაზე თამაში სურს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ პირობები წაუყენა „რეალს“ მადრიდულ კლუბში გადასვლამდე.

როგორც ტელეკომპანია ESPN-ი იტყობინება, ფრანგი ფორვარდი „რეალისგან“ ითხოვს, რომ კლუბმა მას პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მისცეს.

ოლიმპიური თამაშები არ შედის ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) კალენდარში, ამიტომაც მოთამაშეებმა კლუბებისგან პერსონალური ნებართვა უნდა მიიღონ.

მბაპეს სურვილი დაადასტურა პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა, ტონი ესტანგემ.

გარდა ამისა, საფრანგეთის პირველი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდე დეშამმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მბაპემ ოლიმპიურ ნაკრებში ითამაშოს, რომელსაც ტიერი ანრი უდგას სათავეში. „თუ მას აქვს ასეთი სურვილი და შესაძლებლობა, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ცხადია, რომ ჩვენ ყველას ერთი სურვილი გვაქვს – ტიერი ანრის ოლიმპიადაზე კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდეს“, – აღნიშნა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე თამაში შეუძლიათ 23-წლამდე ასაკის ფეხბურთელებს, თუმცა შემადგენლობაში შეიძლება ნებისმიერი ასაკის სამი ფეხბურთელის შეყვანა.