მარკ რუტე - უკრაინაში ჯერ არ არის ცეცხლი შეწყვეტილი, მაგრამ უნდა მოვემზადოთ ამ მომენტისთვის და დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ქვეყნები მზად არიან, დახმარება გაწიონ უსაფრთხოების გარანტიების კუთხით
მარკ რუტე - უკრაინაში ჯერ არ არის ცეცხლი შეწყვეტილი, მაგრამ უნდა მოვემზადოთ ამ მომენტისთვის და დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ქვეყნები მზად არიან, დახმარება გაწიონ უსაფრთხოების გარანტიების კუთხით

უკრაინაში ჯერ არ არის ცეცხლი შეწყვეტილი, მაგრამ უნდა მოვემზადოთ ამ მომენტისთვის და დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ქვეყნები მზად არიან, დახმარება გაწიონ უსაფრთხოების გარანტიების კუთხით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. თქვენ ხედავთ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც პირველ რიგში ზრუნავენ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დარჩნენ ბრძოლაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, ფინეთს, ასევე გაერთიანებულ სამეფოს, რომლებმაც გუშინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს. მაქვს ყველა მიზეზი, ვივარაუდო, რომ მეტი განცხადებაც გაკეთდება. ასევე ვხედავთ, რომ ევროპული ქვეყნები ნამდვილად აქტიურდებიან, რათა უკრაინას დაეხმარონ უსაფრთხოების გარანტიების კუთხით იმ მომენტისთვის, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული. რა თქმა უნდა, ჯერ არ არის შეთანხმება. ჯერ არ არის ცეცხლი შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ მომენტისთვის და დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ქვეყნები მზად არიან, დახმარება გაწიონ უსაფრთხოების გარანტიების კუთხით. აქ მე ვნახე საკმაოდ ბევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ინიციატივა გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა აიღეს, მაგრამ სხვებსაც სურთ დახმარება, ასე რომ, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

მისივე თქმით, ასევე მოისმინა ახალი განცხადებები თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით, თუმცა არ აპირებს მათ გამოცხადებას, რადგან ქვეყნებმა თავად უნდა გააკეთონ ეს.

„მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი ამბავი, რომ მეტი ევროპული ქვეყანა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს. რა თქმა უნდა, გაერთიანებულმა სამეფომ ამის შესახებ გამოაცხადა გასულ სამშაბათს, მაგრამ მჯერა, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვჭირდება უფრო სამართლიანი ბალანსი აშშ-თან თავდაცვის ხარჯებში, არამედ იმიტომაც, რომ ვიცით, ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა ისეთია, უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ თავდაცვაზე, განსაკუთრებით ახლა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.