მარინა კალიურანდი - ყველა ელოდებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მათ გასაკეთებელი გააკეთეს, ახლა ოპოზიციამ უნდა გადადგას ნაბიჯი
მარინა კალიურანდი - ყველა ელოდებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, მათ გასაკეთებელი გააკეთეს, ახლა ოპოზიციამ უნდა გადადგას ნაბიჯი

გულითადად მივესალმები „ქართული ოცნების“ მიერ ბატონი დანიელსონის წინადადების ხელმოწერის ფაქტს, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ.

ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ოპოზიციამ უნდა გადადგას ნაბიჯი.

„ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც დიდი ხანია, ველოდებოდით და ეს არის საქართველოში არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი.

მმართველი პარტია ყურადღების ეპიცენტრში იყო და ყველა ელოდებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. მათ გასაკეთებელი გააკეთეს. ეს საქციელი ნამდვილად იმსახურებს აღიარებას.

ახლა ოპოზიციამ უნდა გადადგას ნაბიჯი. საბოლოოდ კი, უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომ საქართველო ისევ ნორმალურ საპარლამენტო ქვეყნად გადაიქცეს და დაიწყოს მუშაობა რეფორმებზე, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქვეყანას.

ასევე, დაიწყოს კოვიდკრიზისთან ბრძოლა, რაც ასევე საჭიროა. ასე რომ, „ქართული ოცნების“ მიერ დოკუმენტის ხელმოწერა ნამდვილად კარგი ამბავია და დღეს გაცილებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ კრიზისიდან გამოსავალი იქნება ნაპოვნი“, – აღნიშნავს მარინა კალიურანდი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.