მარინა ჩიტაშვილი - არ მგონია, სწორი იყოს ახალგაზრდებისთვის პრეტენზიის წაყენება, რატომ არ აქტიურობენ, ვინ რა გააკეთა მათ გასააქტიურებლად
მარინა ჩიტაშვილი - არ მგონია, სწორი იყოს ახალგაზრდებისთვის პრეტენზიის წაყენება, რატომ არ აქტიურობენ, ვინ რა გააკეთა მათ გასააქტიურებლად

ორი დღის წინ კონკრეტულ ჯგუფს, რომელსაც ვასწავლი, ასეთი შეკითხვა დავუსვი – რა დროს ხარჯავთ მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად. ჯგუფში 24 ადამიანია და ყველამ მითხრა, რომ არც ერთ წუთს არ ხარჯავს, რაც გამიხარდა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა, მარინა ჩიტაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ეს გამიხარდა, რადგან როგორც ფსიქოლოგმა, შემიძლია, გითხრათ, რომ როდესაც შენ 21-22 წლის ასაკში ხარ, ეს მოწიფულობისა და სიჯანსაღის მაჩვენებელია. მიზეზი ერთი მარტივი რამ გახლავთ. ამ ასაკში ღირებულებითი სისტემა ორიენტირებულია მომავალზე, რომ მე, როგორც ერთ კონკრეტულ ადამიანს, მქონდეს შესაძლებლობა, თვითრეალიზაცია მოვახდინო და როდესაც მე, ერთი ერთეული აუცილებლად რაღაც ორ, გამოწერილ ყალიბში უნდა მოვექცე, რომელიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ასეთ შემთხვევაში მირჩევნია, ამაზე დრო არ დავხარჯო“, – განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, ამ ვითარებას სოციალური თვალსაზრისითაც უნდა შევხედოთ.

„როგორც სტუდიაში მყოფმა ახალგაზრდებმა თქვეს, არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ შეხედულებებსა და ღირებულებებს გამოხატავს. ამიტომ, ისინი არჩევნებზე არ მიდიან და ხმას არ აძლევენ, რადგან ხდება ერთი და იგივეს განმეორება და სიმბოლური აქტივობა, რომელიც განვითარებაზე, მაგალითად, განათლებაზე რეალურად არ აისახება. საზოგადოებაში არის სრული ანომია, ანუ, გაუცხოება და ეს არის რიტუალური ქცევა, როცა ინსტიტუტების შეცვლის გარეშე, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ქცევას ვთამაშობ. ეს ძალიან ცუდი სიმპტომია“, – განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.

მისი თქმით, ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ლოკომოტივი და როცა მათი მხრიდან პოლიტიკურ პარტიებზე დელეგირება დაიწყო, თუ როგორი ქვეყანა უნდა ააშენონ მათ, აღმოჩნდა განსვლა, რომ რასაც ჰპირდებიან, იმას არ აკეთებენ.

„შესაბამისად, ეს განსვლა იზრდება და იზრდება. ყოველ შემთხვევაში, გაცხადებული იდეა, რომ ჩვენ თანასწორნი ვართ, არსად ასახულა და ამ საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობა იზრდება“, – განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.

ჩიტაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახალგაზრდები აქტიურები არიან იმ საზოგადოებაში, რომელიც სოციალურ თანასწორობაზეა ორიენტირებული.

„აქედან გამომდინარე, არ მგონია, სწორი იყოს ახალგაზრდებისთვის პრეტენზიის წაყენება, რატომ არ ხარ აქტიური. ვინ რა გააკეთა იმისთვის, რომ ესენი აქტიურები ყოფილიყვნენ?“, – განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.