მარიამ ქვრივიშვილი - ირანის მოქალაქეებისთვის შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი შემოშვება საქართველოში
მარიამ ქვრივიშვილი - ირანის მოქალაქეებისთვის შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი შემოშვება საქართველოში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ირანის მოქალაქეებისთვის შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი შემოშვება საქართველოში.

ქვრივიშვილმა ირანიდან ტურისტების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე (-56.5 პროცენტი პირველ კვარტალში) გააკეთა კომენტარი. ამასთან, შსს-ს მონაცემებით, ყველაზე ხშირად საქართველოში სწორედ ირანის მოქალაქეებს არ უშვებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტული მიმართულება. ამასთან, ირანიდან ვიზიტორთა კლება 2018 წლის ბოლოდან დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა სამოგზაურო რეკომენდაცია ირანის მოქალაქეებისთვის, სადაც ჩამოთვლილია სტანდარტები და მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება სასაზღვრო კონტროლზე ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი დაეგზავნათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ავიაკომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ რეისებს ირანიდან საქართველოში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ადამიანებს ზუსტად ეცოდინებათ, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება ირანის მოქალაქეების შემოშვება. ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობის კლებას თურქეთიდან, ტურიზმის ადმინისტრაციაში ამას თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს უკავშირებენ.

თემაზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამაც. მისი განცხადებით, პირველ კვარტალში 30 პროცენტით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

„გვაქვს საკმაოდ დიდი ზრდა მაღალხარჯვითუნარიანი ტურისტების რაოდენობაში“, – აღნიშნა ქობულიამ.