მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ხუთი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ტურნირს სამი მათგანი დაემშვიდობა.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალში სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ფინალში იტალიელ ლომბარდოს შეხვდება.

ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ეთერ ლიპარტელიანსაც, რომელმაც რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის კოსოვოელ ჯაკოვას დაუპირისპირდება.

თემურ ნოზაძე, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანინ და მარიამ ჯანაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

დღეს წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ. დღევანდელი ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟზე მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი იმუშავებს.