„მანჩესტერ იუნაიტედს“ ვან დე ბეეკის სადებიუტო გოლმა ვერ უშველა და შინ „კრიტალ პალასთან“ წააგო (ვიდეო)
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ვან დე ბეეკის სადებიუტო გოლმა ვერ უშველა და შინ „კრიტალ პალასთან“ წააგო (ვიდეო)

წაგებით დაიწყო პრემიერლიგის ახალ გათამაშებაში გამოსვლა „მანჩესტერ იუნაიტედმა“. ამ გუნდის პირველი ტურის მატჩი გადაიდო, მეორე ტურში კი ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა შინ 1:3 წააგო „კრისტალ პალასთან“.

სტუმრებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტში ანდროს თაუნსენდის გოლით გახსნეს. 69-ე წუთზე მსაჯმა პენალტი დანიშნა მასპინძლების კარში, რომელიც ჯორდან აიუმ ვერ გამოიყენა, თუმცა, ორ წუთში „კრისტალ პალასმა“ მეორე პენალტის შეასრულების უფლება მოიპოვა და შანსი ხელიდან არ გაუშვა ფორვარდმა ვილფრიდ ზაამ.

ამ მატჩში შედგა პრემიერლიგაში ნიდერლანდელი დონი ვან დე ბეეკის დებიუტი. მან „იუნაიტედის“ რიგებში 67-ე წუთზე პოლ პოგბა შეცვალა, მე-80 წუთზე კი დებიუტი გოლით აღნიშნა და „მანჩესტერს“ თამაშის გადარჩენის შანსი დაუტოვა, თუმცა, 85-ე წუთზე ზაას დუბლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალ პალასმა“ ზედიზედ მეორედ მოუგო სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“, რაც თავის ისტორიაში პირველად გააკეთა.

„კრისტალ პალასს“ ორ ტურში ექვს ქულა აქვს და „არსენალთან“ და „ევერტონთან“ ერთად გათამაშების ცხრილის ლიდერია.