მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას მოლაპარაკებებზე არ გადმოუდგამს არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას მოლაპარაკებებზე არ გადმოუდგამს არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი

ოპოზიციას მოლაპარაკებებზე არ გადმოუდგამს არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ხან იტყვიან, რომ ულტიმატუმამდე მისასვლელი გზის ძიებაა კომპრომისი და ხან იტყვიან, საერთოდ რომ დავდეთ პატივი ქართველ ხალხს და მათ შორის, „ქართულ ოცნებას“, ეს არის კომპრომისიო“, – განაცხადა მდინარაძემ. 

მდინარაძის თქმით, ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის არა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარება, არამედ იმ პროცესების წახმარება, რომელიც ისედაც პრობლემების სახით მიდის, პანდემიის და აქედან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო.

„ამ ყველაფერს ესენიც ეხმარებიან ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გამძაფრებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნება კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში სათქმელი თქვა საქმით, წინ გადადგმული ნაბიჯებით და კონკრეტული კანონპროექტებით.

„ჩვენ პატიოსნად ვიქცევით და ამ შეხვედრების დეტალებს არ ვასაჯაროებთ, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ოპოზიციამ ისევ არ გადმოდგა ერთი ნაბიჯიც კი, როგორც პირველ შემთხვევაში, ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ უნდა გავასაჯაროოთ ეს დეტალები, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებით მდუმარება ცოტა უხერხულიც კი არის, თქვენი, ჟურნალისტების წინაშეც და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციას მოუწევს შეთანხმებაში თანამონაწილეობა, მათ შორის, პასუხისმგებლობაში და ისინი პარლამენტში შევლენ.