მამუკა მდინარაძე - იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა შეწყალებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, ცდილობს, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს
მამუკა მდინარაძე - იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა შეწყალებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, ცდილობს, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, ცდილობს, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ყველაფრის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის მცდელობა ხდება.

„იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებდეს, მათ შორის ბაქრაძისა და ასეულობით შეწყალებაზე, რაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების მიმართ განხორციელდა, ორი დღის განმავლობაში, შეწყალების ფაქტის ახსნის პროცესში მართლაც ცინიკურ დამოკიდებულებას ვხედავთ. ამ ყველაფრის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის მცდელობასაც ვხედავთ და ორი პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანების შესახებ ათას სისულელეს ვისმენთ. ნებისიერ შემთხვევაში, ეს წარუმატებელი მცდელობაა, რომ ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს. პრეზიდენტს მოუწევს, რეალური და გულწრფელი პასუხები გასცეს იმაზე, ასე რატომ ხდება და ისეთი შეწყალებები რატომ არის, რაზეც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ამ ყველაფერმა სიმძაფრე მას შემდეგ შეიძინა, რაც საზარელი მკვლელობის მომსწრე გავხდით. პრეზიდენტმა ერთხელ სცადა, რომ მსხვერპლისთვის გადაებრალებინა, შემდეგ განმარტა, რომ ბაქრაძე მაინც თავისუფალი იქნებოდა და ამ შემთხვევაში პრევენციის ნიშნებზე წარმოდგენა არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, ცდილობს, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს. ასეთ დროს პრეზიდენტს უდიდესი პასუხისმგებლობა ენიჭება”, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ გუშინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. ამასთან, პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეწყალების საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

დატოვე კომენტარი