მამუკა მდინარაძე - „ჰიუმან რაითს ვოჩ​ს“ წარმოდგენაც კი არ შეეძლებოდა, რომ მის ანგარიშამდე ორი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში აღიარებდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას
მამუკა მდინარაძე - „ჰიუმან რაითს ვოჩ​ს“ წარმოდგენაც კი არ შეეძლებოდა, რომ მის ანგარიშამდე ორი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში აღიარებდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას

„ჰიუმან რაითს ვოჩ​მა“ ანგარიშში შეუსაბამობაზე პასუხი უნდა მოსთხოვოს, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მომავალში მოუწევთ თავიანთი წყაროების კარგად გადამოწმება, რათა ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ.

„ალბათ, ამ დასკვნის შემდგენს წარმოდგენაც კი არ შეეძლებოდა, რომ მის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში აღიარებდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას.

მგონია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მომავალში მოუწევთ თავიანთი წყაროების კარგად გადამოწმება, რათა ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, როგორშიც ვარდებიან კონკრეტული კრიტიკული შენიშვნების გამო.

მაგალითად, როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე დემონსტრანტები არაძალადობრივად მოქმედებდნენ და 80 პოლიციელია დაზიანებული. ასეთ შეუსაბამობაზე ალბათ პასუხი უნდა მოსთხოვონ იმას, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა, თორემ იმ დემონსტრაციაზე „ჰიუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენლები არ იყვნენ. თუ 80 პოლიციელი არაძალადობის შედეგად დაზიანდა, ძალადობა რომ ყოფილიყო, მაშინ საქართველოს მთელ პოლიციას დახოცავდნენ“, – აცხადებს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ „უკვე სასაცილო რაღაცები იწერება“.

„მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებში როდესაც ასეთი სასაცილო შეუსაბამობები გვხვდება, მგონია, რომ ისინი პასუხს მოთხოვენ ამ ორგანიზაციებს, რომლებიც მათ ამ ინფორმაციას აწვდიან. მე ამას ვპროგნოზირებ.

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ არის ორგანიზაცია, რომელიც კრიტიკისკენ არის მოდრეკილი. პოზიტიურ ნიუსებზე „ჰიუმან რაითს ვოჩი“ ორიენტირებული არ არის. აკრიტიკებს ძალიან განვითარებული ქვეყნების ბევრ ხელისუფლებას. ეს მისი სტილია, გასაგებია. მაგრამ აქვს ინფორმაცია, რომელსაც ამ ქვეყნების არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები აწვდიან. მათ ერთმანეთში გარკვეული ნდობა აქვთ. როდესაც ამ ნდობას რაღაც საფრთხე შეექმნება, ეს ჩვენს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა აწყობდეთ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„ჰიუმან რაითს ვოჩ​ი“ თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ 2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა. „ივნისში მეტწილად მშვიდობიანი აქციები ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშალა. დაშლისას მრავალი ადამიანი დაშავდა და ბევრიც დააკავეს. პასუხისმგებლობის პროცესი მეტწილად ცალმხრივად წარიმართა. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ხოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა დადო, მაგრამ ეს ინიციატივა, მოგვიანებით, კენჭისყრაზე ჩააგდო, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და არსებული შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას, რომელიც მმართველი პარტიისთვის უპირატესად ხელსაყრელია. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია“, – აცხადებენ „ჰიუმან რაითს ვოჩში“.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩის“ 2019 წლის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა სამართალდამცავთა დაუსჯელობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება“.

დატოვე კომენტარი