მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ადამ კინზინგერის განცხადება ეხება, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ადამ კინზინგერის განცხადება ეხება, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კონგრესმენ ადამ კინზინგერის მიერ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება ეხება, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.

„ჩვენი მეგობრის, ადამ კინზინგერის გზავნილები ერთი პერიოდი ძალიან კრიტიკული იყო, ამის შემდეგ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. მას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვდა. ამის შემდეგ, ნახეთ, მისი განცხადებები რა პათოსით იყო გაკეთებული. მისი დღევანდელი განცხადება გაკეთებულია ორივე მხარის მიმართ. ვინც ქვეყანაზე ობიექტურად ფიქრობს, კარგად ესმის, რომ მოლაპარაკება და შედეგი მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ რაც იყო დამოკიდებული, პარტიის მხრიდან კომპრომისი დაიდო.

„პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს. ახლა ოპოზიციამ უნდა აიღოს. ადამ კინზინგერი არის საქართველოს მეგობარი. მისი მოტივაცია არის მხოლოდ საქართველოში პროგრესი, რაც სახეზეა. საქართველოში არსებული პროგრესი თუ უნდა შეივსოს კიდევ ერთი კომპონენტით, რასაც შეთანხმება ჰქვია, ამ შეთანხმებაში პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად გვეკისრება. ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე გვაქვს გათავისებული. ოპოზიციას ისეთ საარჩევნო სისტემას ვთავაზობთ, რაც ყველა მიმართულებით მათ შორის პროპორციულის თვალსაზრისით, 40-პროცენტიანი დაზღვევით და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გარანტიით. ჩვენ ყველანაირ ნაბიჯსა და დათმობაზე წავედით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათი გადასაწყვეტია, შეთავაზებას დაეთანხმებიან თუ საბაბს მოიგონებენ, რაც შეიძლება ჩაშლის საფუძველი გახდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი „ამ​ერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ.