„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. კონკრეტული დრო, როდის მიმართავს ბრალდების მხარე სასამართლოს, უცნობია.
როგორც საგამოძიებო უწყება და დაცვის მხარე აცხადებენ, რადგან ბრალდებული პირები პატიმრობაში არ იმყოფებიან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეზღუდვას, რომ საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს 48 საათში მიმართოს.
სასამართლოსთვის მიმართვისას რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს ბრალდება, უცნობია.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების განცხადებით, მათი შუამდგომლობა დამოკიდებული იქნება ბრალდების მხარის შუამდგომლობაზე.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში მივიდნენ, სადაც მათ ბრალის დადგენილება და საქმის მასალები გადასცეს.